პოლიტიკა
ივანიშვილის თანაგუნდელების კომენტარები მათი პარტიების დაფინანსებაზე

finans-opoთბილისი, 23 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს, დეპუტატ გია ცაგარეიშვილს 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში „ხალხის პარტიის“, „კონსერვატიული პარტიის“, „რესპუბლიკური პარტიისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დაფინანსების ნუსხა გადაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, თითოეულ ამ პარტიას სხვადასხვა კომპანიების, მათ შორის, ბიზნესმენ ივანიშვილის ბანკისა და კუთვნილი „ქართუ ჯგუფისგან“, დაახლოებით, მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება აქვს მიღებული.

აღნიშნული პარტიების წარმომადგენლებმა დაფინანსების თაობაზე კომენტარები უკვე გააკეთეს. ყველა მათგანი განმარტავს, რომ დაფინანსება კანონის სრული დაცვით აქვთ მიღებული.

როგორც „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, „სანამ იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალებოდეთ, უფრო მეტია საჭირო“.

„ეს არ არის დიდი თანხა, ესაა მიზერი იმასთან შედარებით, რაც სამომავლო საქმიანობისთვის კოალიციას სჭირდება. სანამ იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალებოდეთ და ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ მეტ კანონს მიიღებდეს, უფრო მეტი თანხების მობილიზება და პარტიების ანგარიშზე ჩარიცხვა უნდა მოესწროს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხების განკარგვას „კონსერვატიული პარტია“ მარტო არ აპირებს და ეს კოალიციის მიერ ერთობლივად მოხდება.

რაც შეეხება იმას, ბიძინა ივანიშვილი დგას თუ არა ყველა იმ ფირმის უკან, რომელმაც დეკემბერში „კონსერვატიული პარტიის“ ანგარიშზე თანხა ჩარიცხა, ძიძიგური აცხადებს, რომ „არ იცის, არის თუ არა ყველა ამ ფირმის დამფუძნებელი ივანიშვილი, თუმცა ფაქტია, რომ ეს გადარიცხვები მას შემდეგ განხორციელდა, რაც კოალიციის შექმნის საკითხი გადაწყდა“.

„თავისუფალი დემოკრატები“ ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძე კი აცხადებენ, რომ „დასამალი არაფერი აქვთ“. „ჩვენ საჯარო და ღია ვართ. დასამალი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს აქვთ. თანხები რომ მივიღეთ, ცხადი და ნათელია. „თავისუფალი დემოკრატები“ ყოველთვის საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებენ. თუ როგორ დაიხარჯება სხვადასხვა კომპანიისგან მიღებული დაფინანსება, პარტია შესაბამის ორგანოებს დანახარჯებსაც წარუდგენს. ვიმედოვნებთ, რომ დაფინანსების შესახებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით არსებული ინფორმაციაც იმავე ოპერატიულობით გამოქვეყნდება და საზოგადოებისთვის ცხადი გახდება, რომ იგივე კომპანიები, თუნდაც, „ბანკი ქართუ“ ქართული პოლიციის, ჯარის, სხვადასხვა მოხელის დაფინანსებისთვის სახელმწიფოს როგორ დახმარებას უწევდა“, – განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ „რუსულ ფულზე საუბარი მას არასერიოზულად მიაჩნია“.

ამასთან, „რესპუბლიკური პარტიის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „პარტიამ იმ ჯგუფებისგან, რომლის დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია, ასევე, „კალა კაპიტალისგან“ დაფინანსება მიიღო, რაც კანონის ნორმების სრული დაცვით მოხდა“.

რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებებს „რუსული ფულის“ შესახებ, ასევე, იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ პოლიტიკური ჯგუფები მხოლოდ ფინანსური ინტერესების გამო არიან შეკრებილი, „რესპუბლიკელებს“ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურთ.