თბილისი, 23 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, პარტია ხელისუფლებისგან გურული გლეხების კომპენსირებას მოითხოვს. ტრადიციულად, გურიის მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს ჩაის კულტურისა და ციტრუსის მოყვანა-რეალიზაცია წარმოადგენდა. თუმცა სოფლის მეურნეობის კუთხით საქართველოში არსებული სავალალო ვითარება ყველაზე მეტად გურიის რეგიონს დაეტყო.
რეგიონში პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკები, რაც ამ კულტურის მოყვანას აზრს უკარგავს.
კატასტროფული მდგომარეობაა ციტრუსთან მიმართებაში: გასაღების ბაზრის უქონლობის გამო გლეხებს მოყვანილი მოსავალი ულპებათ, რაც მათ იძულებულს ხდის, დათანხმდნენ ციტრუსის შემსყიდველი კომპანიების მიერ შემოთავაზებულ მიზერულ ფასებს. ციტრუსზე ფასების ვარდნა განაპირობა დღესდღეობით ერთადერთ – უკრაინის ბაზარზე, ექსპორტის შემცირებამ, რაც, თავის მხრივ, საბაჟო გადასახადის ზრდამ გამოიწვია.ამდენად, შექმნილმა ვითარებამ ყველაზე მეტად გურული გლეხები დააზარალა, რადგან მათ ვერ შეძლეს იმ ხარჯების ამოღებაც კი, რაც მოსავლის მოყვანისთვის გაიღეს მთელი წლის განმავლობაში.
„თავისუფალი საქართველოს“ აზრით, ზარალის მასშტაბებიდან გამომდინარე, აუცილებელია გურული გლეხების კომპენსირება, რათა მათ მოახერხონ მომავალი წლისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელება.
ამას გარდა, პარტიის ვარაუდით, მის მიერ ინიცირებული მოლაპარაკებების პროცესი რუსულ მხარესთან ქართულ ჩაისა და ციტრუსზე არსებული შეზღუდვების მოხსნაზე, მომავალი წლისთვის წარმატებით დასრულდება და გლეხებს საშუალება მიეცემათ, მათთვის მისაღებ ფასებში მოახდინონ მოყვანილი პროდუქციის რეალიზაცია.