პოლიტიკა
თბილისი, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრაზილიურ გამოცემა „Folha“-თან საუბარში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „ჩვენთვის რუსეთი უცილობლად ნეგატიური ძალაა, მაგრამ ჩვენ, ასევე, გვესმის, რომ დიდი ქვეყანაა და, ბუნებრივია, მასთან ურთიერთობა გვიწევს, განსაკუთრებით კი, მსოფლიო პოლიტიკის საკითხებში“.
სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს შორის რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას ურთიერთობების გაუმჯობესებად არ მიიჩნევს. „სინამდვილეში ეს ცხადყოფს, რომ არის ძალიან დიდი, პრაგმატული ინტერესი რუსეთისა მათ გაუმჯობესებაში. მათ იციან, რომ სამხრეთ ოსეთში ოსების რაოდენობა 10 000-ზე ნაკლებია, აფხაზეთის მოსახლეობა კი იმის 20%-ს შეადგენს, რაც ომამდე იყო. ეს, ძირითადად, მოსახლეობისგან დაცარიელებული რეგიონია, რომელსაც რუსეთისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი ეს მხოლოდ იმის სადემონსტრაციოდაა საჭირო, რომ ისინი ძლიერები არიან ამ რეგიონში“, – აცხადებს პრეზიდენტი. მისივე აზრით, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ლიდერი პრობლემა იქნება რუსეთისთვის, თუმცა კრემლის ყველაზე სერიოზულ პრობლემად ის საკუთარ თავს მიიჩნევს და ამ შეფასებას იმით ხსნის, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში „საქართველომ წარმატებული რეფორმები ჩაატარა“.