რელიგია
„საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნების“ პრეზენტაცია

11gamofenaთბილისი, 23 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ეროვნული არქივის ახალი გამოცემის – „საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნების“ – პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სასულიერო შინაარსის 22 მოხატული ხელნაწერის 67 ილუსტრაცია.

პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა მოხატული ხელნაწერების გამოფენა.

როგორც ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსმა მანანა ჭუმბურიძემ აღნიშნა, არქივში „დაცულ უნიკალურ ფონდებს შორის არის ქართული ხელნაწერი წიგნების კოლექციაც, რომელიც მოიცავს ძალზე ვრცელ პერიოდს – IX-XIX საუკუნეებს. ხელნაწერ წიგნთა კოლექციის ნაწილი მხატვრულადაა გაფორმებული. კოლექციის ყველაზე ადრეული ნიმუშია IX საუკუნის სახარება, რომელიც ამ საუკუნისათვის დამახასიათებელი სისადავით გამოირჩევა და შესრულებულია ორ ფერში – შავი და წითელი მელნით. მას ახლავს გრაფიკულად შესრულებული გოლგოთას ჯვარი“.

მისივე განმარტებით, გამოფენაზე წარმოდგენილი ხელნაწერები ისტორიისათვის ძალიან მნიშვნელოვან და ღირებულ მასალას წარმოადგენს. ერთიანი სახით კი საგულისხმო დადასტურებაა იმ დიდი ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა, რომლითაც გამოირჩევა ძველი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.

გამოფენა 26 დეკემბრამდე გაგრძელდება და წარმოდგენილი მასალების ხილვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დასწრება უფასოა.