პოლიტიკა
20 წელი „თბილისის ომიდან“

tbilisis-omiთბილისი, 22 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს „თბილისის ომის“ დაწყებიდან 20 წელი სრულდება. 1991 წლის 22 დეკემბერს, დილით, შოთა რუსთაველის გამზირზე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მომხრეებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის შენობის წინ დედაქალაქში 20 წლის წინათ განვითარებული მოვლენების მონაწილეები და  უშუალო თვითმხილველები გაიხსენებენ იმ ტრაგიკულ დროებას, როცა კანონიერი ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა იარაღი გამოიყენეს.

თბილისის ომმა 15 დღეს გასტანა. არაოფიციალური ინფორმაციით, მას ასამდე ადამიანი ემსხვერპლა. დაინგრა და დაიწვა დედაქალაქის ცენტრში მდებარე არაერთი შენობა, მათ შორის, პარლამენტის შენობა და თბილისის კლასიკური გიმნაზია. დაპირისპირება 6 იანვარს დასრულდა, როცა ზვიად გამსახურდიამ ოჯახსა და უახლოეს გარემოცვასთან ერთად თბილისი დატოვა და თავი ჯერ – სომხეთს, შემდეგ კი ჩეჩნეთს შეაფარა.

ქვეყნის მართვის სადავეები ხელში სამხედრო საბჭომ ჩაიგდო, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და „მხედრიონის“ მეთაური ჯაბა იოსელიანი.

გარკვეული პოლიტიკური ძალები მომხდარის სახალხო აჯანყებად შეფასებას ითხოვდნენ. თუმცა მოგვიანებით მას კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის კვალიფიკაცია მიეცა.