საზოგადოება
ფოცხოეწერის დევნილებს უფასო სასადილო და ბაღი არც 2012 წელს ექნებათ

focxo-eweri22ზუგდიდი, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ფოცხოეწერის დევნილთა ჩასახლება წალენჯიხის ბიუჯეტის პრიორიტეტებში მომავალ წელსაც ვერ მოხვდა. ფოცხოეწერში ჩასახლებული 250-მდე დევნილი ოჯახი 2 წელია, უფასო სასადილოს გახსნას ითხოვს, თუმცა ამისთვის თანხები ვერც წელს გამოინახა. დევნილები დასახლებაში ბაღის გახსნასაც ითხოვენ, მაგრამ 2012 წლის ბიუჯეტში არც ეს ხარჯია გაწერილი.

მიუხედვად იმისა, რომ ფოცხოეწერი პრიორიტეტებში ვერ მოხვდა და მისთვის თანხები ვერ მოიძებნა, საარჩევნო წელს წალენჯიხის ბიუჯეტის პროექტში გაზრდილია სარეზერვო ფონდი, სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაფინანსება. ამასთან, გაზრდილია საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასებისა და ხარჯების ოდენობაც.

წალენჯიხის ბიუჯეტის პროექტი 4,5 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს წევრები მიმდინარე წლის 27 დეკემბერს უყრიან კენჭს.