თბილისი, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონს ეხება, დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურმა განცხადების სახით გაახმიანა, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლი და მე-19 (რწმენის თავისუფლება) მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, ვინაიდან „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი) გამორიცხავს რელიგიური, ეთიკური თუ სხვა შეხედულებებიდან გამომდინარე, ალტერნატიული (არასამხედრო) შრომითი სამსახურის მოთხოვნის შესაძლებლობას. მას მიაჩნია, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მსგავსად, წარმოშობს ადამიანის რწმენით განპირობებულ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის ლეგიტიმურ საფუძვლებს. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული რწმენის თავისუფლება მოიცავს სავალდებულო სამხედრო სამსახურის „კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის“ განცხადების უფლებას – საკუთარი რწმენის, რელიგიური თუ სხვა შეხედულებების შესაბამისად თქვას უარი სამხედრო სამსახურზე და კონსტიტუციით გათვალისწინებული სამხედრო ვალდებულება, ალტერნატიული (არასამხედრო) შრომითი სამსახურის ფორმით მოიხადოს. სადავო ნორმა აიძულებს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირს, იმოქმედოს საკუთარი რწმენის, რელიგიური და ეთიკური შეხედულებების საწინააღმდეგოდ, რაც რწმენის თავისუფლებაში გაუმართლებლად მძიმე ჩარევას წარმოადგენს.საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ამკრძალავი (კონსტიტუციის მე-14) მუხლი ითხოვს კანონმდებლისგან, რომ მან დაიცვას თანასწორობის ძირითადი პრინციპი – არ დაუშვას უთანასწორო მოპყრობა თანასწორ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ; ასევე, არ მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც არ ითვალისწინებს სხვადასხვა რწმენის, შეხედულებების, ეთნიკურ, სოციალურ, სქესობრივ ჯგუფებს შორის არსებულ განსხვავებებს და მათ მიმართ თანაბარ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს ადგენს.
სადავო ნორმა, რომელიც არ ითვალისწინებს გამონაკლისებს იმ პირების მიმართ, ვისაც რელიგიური თუ ეთიკური შეხედულებებიდან გამომდინარე სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა აქვთ, არღვევს დისკრიმინაციის ამკრძალავი (კონსტიტუციის მე-14) მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად, კონსტიტუციის მე-14 მუხლის, ასევე, მე-19 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით, რამდენადაც ის კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებისთვის სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის ვალდებულებას აწესებს“.