თბილისი, 22 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქინფორმს აცნობებს, ორგანიზაცია 1992 წლიდან ახორციელებს სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) გაანგარიშებას. სამომხმარებლო ფასების ინდექსი წარმოადგენს ძირითად მაჩვენებელს, რომელიც ზომავს ქვეყანაში არსებულ ინფლაციას, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ცვლილებას. ინფლაციის გამოთვლის დაწყება და მისი სრულყოფა, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების ტექნიკური დახმარების და შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობდა.
მეთოდოლოგიის მიხედვით, ყველა ქვეყანა პერიოდულად ახდენს სამომხმარებლო კალათის განახლებას. საქართველოში სამომხმარებლო კალათა ბოლოს 2010 წელს განახლდა.2012 წლის იანვრიდან განახლებული სამომხმარებლო კალათა დაეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურას. ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში წარმოადგენს ერთ-ერთ არსებით რეკომენდაციას, რომელსაც სთავაზობს ევროსტატი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. აღნიშნული რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოშიც იგეგმება სამომხმარებლო კალათის ყოველწლიური განახლება.
საქსტატის ინფორმაციით, ფასების რეგისტრაცია განხორციელდება საქართველოს 5 დიდ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი) და ასახავს რეგიონის საერთო ფასების დინამიკას. თითოეული რეგიონის შიდა მოხმარების გაანგარიშება მოხდება შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებული რეგიონული მოხმარების სტრუქტურის შესაბამისად. სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონელი და მომსახურება იდენტური იქნება ხუთივე ქალაქისთვის.
განახლებული სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს – ინფლაციის მაჩვენებელს.