პოლიტიკა
„სახალხო კრების“ მადლობა სახალხო დამცველს

krebaa22თბილისი, 22 დეკემბერი, საქინფორმი. „სახალხო კრება“ მადლობას უხდის სახალხო დამცველს 2011 წელს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოსათვის, იმ დახმარებისათვის, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა გასწია 26 მაისის დილას და მის შემდგომ კრების დაკავებულ მომხრეთათვის. კრების აღმასრულებელი საბჭო ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული,რომ ადვოკატებმა ვერ შეძლეს დაკავებულების მონახულება, ვერ გამოიყენეს ადმინისტრაციული პატიმრობის გასაჩივრების კანონით დადგენილი საშუალება 48-საათიანი ვადის გასვლის გამო, ხოლო მათი ოჯახის წევრები მოკლებულნი იყვნენ ელემენტარულ შესაძლებლობას, სცოდნოდათ სად იმყოფებოდნენ მათი ახლობლები.

სახალხო დამცველის ანგარიში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ 26 მაისს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ მოწყობილი იყო საჩვენებელი სადამსჯელო სპეცოპერაცია და მას არავითარი საერთო არ ჰქონდა მიტინგის დაშლასთან.

„სახალხო კრება“ მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და კიდევ ერთხელ მოითხოვს მაისის მოვლენების ობიექტურ გამოძიებას.

ჩვენ ვწუხვართ მსოფლიოში და, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე, შეშფოთებულნი ვართ ბოლო დღეებში ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების გამო და მივესალმებით ამერიკის სახელმწიფო მდივნის აღშფოთებას  ეგვიპტეში ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებთან დაკავშირებით და მისი მხრიდან ობიექტური გამოძიების კატეგორიულ მოთხოვნას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვაშინგტონი 26 მაისის მოვლენების ობიექტური გამოძიების საკითხსაც ასევე პრინციპულად დაუჭერს მხარს, მით უფრო, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ აშშ-ის ელჩის, ბატონი ჯონ ბასის მიერ 25 მაისს გაკეთებულ განცხადებას აღიქვამს ხელისუფლებისათვის ანთებულ მწვანე შუქად.

ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მკვეთრი პოზიცია 26 მაისის და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების ობიექტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, დასტური იქნება, რომ აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესს მსოფლიოში რეალური დემოკრატიული პროცესები წარმოადგენს“.