სამართალი
„ქართუ ჯგუფს“ ფინანსთა სამინისტრო ხელმეორედ შეამოწმებს

qartuuuთბილისი, 22 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც კომპანია „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა ალა კახნიაურმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, საგადასახადო სამსახურმა „ქართუ ჯგუფი“ 2010 წლის 7 დეკემბრიდან 2011 წლის ივლისის განმავლობაში შეამოწმა და ჯარიმის სახით 239 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, რაც იურიდიულმა სამსახურმა გაასაჩივრა, სასამართლომ კი კომპანიის სარჩელი გაითვალისწინა და ჯარიმა 128 ათას ლარამდე შემცირდა.

კახნიაურის თქმით, „ქართუ ჯგუფმა“ დაკისრებული თანხა გადაიხადა და ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი საგადასახადო აქტი 2011 წლის აგვისტოში კანონიერ ძალაში შევიდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთების შემდეგ საგადასახადო სამსახურმა სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა და „ქართუ ჯგუფის“ ხელახალი შემოწმება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც და ერთხელ უკვე შემოწმებული კომპანიის ხელახალი შემოწმება გადაწყდა.