საზოგადოება
პრესის გამავრცელებლები პროფილურ აუქციონს ითხოვენ

preccaaaთბილისი, 22 დეკემბერი, საქინფორმი. პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციები ახალი ჯიხურების დადგმის მიზნით მათთვის პროფილური აუქციონის ჩატარებას და ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

პრესის გამავრცელებელი სამი ორგანიზაციის („პლანეტა-ფორტე“, „მაცნე“ და „ელვა-სერვისი“) წარმომადგენლებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ მერიის ახალი პროექტის ფარგლებში ნოემბრიდან მათი კუთვნილი ჯიხურების აღების გამო ჟურნალ-გაზეთების რეალიზაცია 75-80 პროცენტით შემცირდა, შედეგად, 180 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა. ამჟამად დედაქალაქში ამ კომპანიების მხოლოდ 21 ჯიხური შემორჩა.

ოქტომბერში თბილისის მერიამ ახალი პროექტი დაიწყო – მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, დედაქალაქში ძველი და უსახური ჯიხურები ჩაანაცვლოს ახალმა ჯიხურებმა, მიწის ნაკვეთებზე ახალი ჯიხურების ჩასადგმელად ინტერნეტაუქციონის გამართვის გზით. თბილისის მერიის განცხადებით, ინტერნეტაუქციონი მონაწილეებს კონკურენციის თანაბარ პირობებს სთავაზობს. ჯიხურებში გასაყიდ პროდუქციაზე რაიმე შეზღუდვები არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგებულ კომპანიას არ აქვს ვალდებულება, ჟურნალ-გაზეთებით ივაჭროს.

„გამოაცხადონ აუქციონი მხოლოდ პრესის გამავრცელებლებისთვის და იყოს უფრო ღია თამაში“, – განაცხადა „პლანეტა-ფორტეს“ დირექტორმა მერაბ  ჩანჩალაშვილმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ასეთ შემთხვევაში ფასებიც ხელმისაწვდომი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მერიის ახალი პროექტის ფარგლებში გამართულ აუქციონებში კვების რამდენიმე ობიექტმა მოიგო, რომლებთან კონკურენციასაც პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციები ვერ უძლებენ მაღალი საიჯარო ფასების გამო.

პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მერიისგან ითხოვენ არა პრივილეგიებს, არამედ – „პრივილეგია ჰქონდეს თვითონ სფეროს“.