პოლიტიკა
IDS ჯგუფი 2012 წელს რუსეთში ბორჯომის ექსპორტის განახლებას აპირებს

borjomii22თბილისი, 22 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საერთაშორისო კომპანია „IDS Borjomi International“ აცხადებს, მომავალ წელს რუსულ ბაზარზე მინერალური წყლის – „ბორჯომის“ – დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„IDS Borjomi International“, რომლის მთავარი ოფისიც კიევშია განთავსებული და რომლის მფლობელიც არის კომპანია „Salford Capital Partners Inc.“, წარმოადგენს საწარმოთა ჯგუფს, რომლებიც მინერალურ წყლებს აწარმოებენ რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში. „IDS ბორჯომი საქართველო“, იგივე „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია“, ამ ჯგუფის შვილობილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც „ბორჯომის“ სავაჭრო ნიშნის მფლობელია და ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვებისა და წარმოების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს.

თავის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში „IDS Borjomi International“ აცხადებს, რომ მისი გენერალური დირექტორი ვლადიმერ აშუროვი 14 დეკემბერს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელ გენადი ონიშჩენკოს შეხვდა და 2012 წელს რუსულ ბაზარზე „ბორჯომის“ ექსპორტის განახლების შესაძლებლობა განიხილა.

„როსპოტრებნადზორი მზადაა, „IDS Borjomi International“-ის წინადადებები განიხილოს ქართული მინერალური წყლის – „ბორჯომის“ – რუსულ ბაზარზე მიწოდებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობა. მოლაპარაკებების არ ეტაპზე კომპანიას რამდენიმე ფორმალური მოთხოვნის დაკმაყოფილება შესთავაზეს რუსულ ბაზარზე შესასვლელად“, – განაცხადა „IDS Borjomi International“-მა და დასძინა, რომ კომპანია მზადაა, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

„IDS Borjomi International“-მა პირველად 2011 წლის სექტემბერში განაცხადა „როსპოტრებნადზორთან“ მოლაპარაკებების თაობაზე. მისივე ინფორმაციით, ამჟამად „ბორჯომის“ ექსპორტი, დაახლოებით, 30 ქვეყანაში ხორციელდება.