დავით გამყრელიძე: „მიდგომა – „შუა უნდა გაიკრიფოს“ – მიუღებელია“
თბილისი, 21 დეკემბერი,
საქინფორმი. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ გაზეთ „პრაიმ თაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, „ასე იყო „მოქალაქეთა კავშირი“, ასეთ ძალად ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ზუსტად ამ სურვილებით შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილი, რომელმაც განაცხადა – „ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია“; „შუა უნდა გაიკრიფოს“ და „მე აბსოლუტური ძალაუფლება მჭირდებაო“.
„საუბარი იყო კონსტიტუციის კონტროლზე და ასე შემდეგ. რეალური მრავალპარტიული და კონკურენტული სისტემის არარსებობა არის მიზეზი ყველა იმ პრობლემისა, რომლის წინაშეც ქართული სახელმწიფო დგას – იქნება ეს დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი არჩევნები თუ სხვა. ჩვენ გამოვაცხადეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიდგომა – „შუა უნდა გაიკრიფოს“ – აბსოლუტურად მიუღებელია. შუა ყველაზე ძლიერი უნდა იყოს და ერთ-ერთი სერიოზული წარმომადგენელი ამ შუისა, პრეტენზია გვაქვს, რომ პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ვიყოთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მე მგონია, ეს ეიფორია გადის და საზოგადოება რეალობას უფრო ფხიზელი თვალით უყურებს. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება სურათი, როცა თითოეულ მოქალაქეს სერიოზული არჩევანის საშუალება ექნება“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, „ძალიან კარგია, რომ ძირითადი პოლიტიკური სპექტრი და მთელი საზოგადოება იმ აზრზეა, რომ პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა არჩევნებია და რევოლუციაზე საუბარი არ არის“.