აქტუალური
„ქართული ოცნება“ სამართლის დარგობრივი მიმართულების შესახებ

tripolski4თბილისი, 21 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან საქინფორმს აცნობეს, საზოგადოებრივ მოძრაობაში – „ქართული ოცნება“ – ჩამოყალიბდა დარგობრივი მიმართულება „სამართლის სისტემა, ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულება“. დარგობრივი მიმართულების მიზანს წარმოადგენს შესაბამის სფეროებში შექმნილი ვითარების ანალიზი და მის კვალობაზე დემოკრატიული განვითარებისა და იურიდიული ინსტიტუტების რეკონსტრუქციის პროექტის მომზადება. დაგეგმილია საზოგადოებისთვის ყველაზე უფრო მწვავე და მგრძნობიარე პრობლემების იდენტიფიკაცია, აღნუსხვა, მათი კონცეპტუალური დახასიათება და რეაბილიტაციის ღონისძიებათა სისტემის შემუშავება. აუცილებელი ნორმატიული რეგულაციისთვის მომზადდება კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების პროექტები.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, დარგობრივი მიმართულება მოიცავს სამ თემატურ ჯგუფს: სამართლის სისტემას, ადამიანის უფლებებს და მართლმსაჯულებას.

თემატურ ჯგუფებში წარმოდგენილნი არიან აკადემიური წრეების, ადვოკატთა გაერთიანების, უფლებადამცველთა კორპუსის, მედიისა და საზოგადოებრივი მოძრაობის სხვა ცნობილი წარმომადგენლები, რომლებიც თემატურ ჯგუფებში გაერთიანდნენ სპეციალიზაციის მიხედვით.

შექმნილი სტრუქტურა მუშაობას წარმართავს ექსპერტ-სპეციალისტებისა და დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური ჩართულობის გზით. საზოგადოება მუდმივად იქნება ინფორმირებული მათი საქმიანობის შესახებ.

თემატურ ჯგუფებს ხელმძღვანელობას გაუწევენ დარგის სპეციალისტები: იოსებ ბარათაშვილი, ალაქსანდრე ბარამიძე, პაატა გაჩეჩილაძე, ნათია კინწურაშვილი, პაატა ცნობილაძე, თეა წულიკიანი და უჩა ნანუაშვილი.

დარგობრივი მიმართულების ხელმძღვანელია მინდია უგრეხელიძე; მოადგილე – ზაქარია ქუცნაშვილი.