აქტუალური
პარტიების დაფინანსების ახალი წესები

venecianskaya_komissia222თბილისი, 21 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ წესზე ცვლილებათა პროექტი პირველი მოსმენით მიიღო – ინიციატივა იურიდიულ პირებს, მათ შორის, ბიზნესორგანიზაციებს, პარტიების დაფინანსებას უკრძალავს.

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებები ვენეციის კომისიამ განიხილა და განაცხადა, რომ ახალი რეგულაციები „ბევრ საერთაშორისო სტანდარტს“ შეესაბამება.

კერძოდ, „დადებით პუნქტებს“ შორის ვენეციის კომისიამ დაასახელა იურიდიული პირების შემოწირულობების აკრძალვა, ფინანსური ოპერაციების უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელება და კონტროლის პალატის ჩართვა პარტიათა ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით.

პოლიტიკურ პარტიებს არ ექნებათ უფლება, 60 000 ლარზე მეტი თანხა მიიღონ თითოეული ფიზიკური პირისაგან ყოველწლიურად. არსებული კანონით, ეს მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს.

იგივე რეგულაციები აისახება პარტიების საარჩევნო კანპანიების ფონდებზე – ეს ის ფონდებია, რომლებსაც პარტიები დამოუკიდებლად ხსნიან, სადაც ისინი შემოწირულობებს იღებენ საარჩევნო კამპანიისთვის საჭირო ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად.

მართალია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, რომლებიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა,  ახალი რეგულაციების „დადებით“ მხარეებს შორის მოხსენიებულია იურიდიული პირების, მათ შორის, ბიზნესორგანიზაციების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვა, მაგრამ დოკუმენტი ამგვარი რეგულაციის შესაძლო უარყოფით მხარეზეც მიუთითებს.

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ასეთი აკრძალვა ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში მოქმედებს, მათ შორის, საფრანგეთში, პოლონეთში, ბულგარეთში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპაში საკმაოდ გავლენიან მოდელად ფრანგული ჩამოყალიბდა.

„ეს მოდელი მიზნად ისახავს მსხვილი კორპორაციების მხრიდან პოლიტიკურ პროცესებზე ზეწოლის მოხდენის შემცირებას იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფოს მხრიდან დიდი დაფინანსება აქვთ. ეს [თუ რომელი მოდელი იქნება] ქვეყნის ლეგიტიმური არჩევანია. თუმცა საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ არსებობს რამდენიმე საშუალება, რომლებითაც შესაძლებელია, გვერდი აუარო ასეთ აკრძალვას, მათ შორის, ბიზნესორგანიზაციის ფულის გადამისამართებით ინდივიდუალურ პირებზე (მაგალითად, ამ ფულის კომპანიის თანამშრომლებისთვის გადარიცხვით)“, – აცხადებს ვენეციის კომისია, მიანიშნებს რა, რომ კორპორაციებმა შესაძლოა, პარტია თავიანთი თანამშრომლების მეშვეობით დააფინანსოს და ეს შემოწირულობა აღირიცხება როგორც არა ბიზნესორგანიზაციიდან მიღებული თანხა, არამედ როგორც ფიზიკური პირის (ამ კომპანიის თანამშრომლის) შემოწირულობა.

„ასევე, თუ პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო სუბსიდირების შესაბამისი დონე არ არსებობს, ბიზნესორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების აკრძალვამ, ინფორმაციის განსაჯაროებისთვის საჭირო მკაცრ წესებთან ერთად, შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიებს ფულის მოზიდვაში სირთულეები შეუქმნას“, – აცხადებს ვენეციის კომისია.

ვენეციის კომისია რეკომანდაციას იძლევა, რომ მომავალში მოხდეს იურიდიული პირების მიერ  პარტიების დაფინანსების „ფართო აკრძალვის“ გადახედვა.

ახალი რეგულაციების თანახმად, „პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, საბაზრო ფასზე მეტად საქონლის შესყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით“.

ანალოგიური შეზღუდვები გავრცელდება იურიდიულ პირებზეც, რომლებიც, კანონპროექტის მიხედვით, „პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებულნი პარტიასთან ან სხვაგვარად იმყოფებიან მათ კონტროლქვეშ“. ამასთან, კანონპროექტი განმარტავს, რომ იურიდიული პირის „პირდაპირი ან არაპირდაპირი“ კავშირი პარტიასთან ნიშნავს იმას, რომ მისი „ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ  არის დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მიზნებთან“.

პარლამენტის 20 დეკემბრის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას დეპუტატმა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ ლევან ვეფხვაძემ ჰკითხა კოლეგას მმართველი პარტიიდან  პავლე კუბლაშვილს, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, თუ რა გავლენა ექნებოდა ამ ახალ წესებს იმ რამდენიმე ათას ადამიანზე – მსახიობებზე, მწერლებზე, მხატვრებსა და სპორტსმენებზე, რომლებიც უკვე წლების მანძილზე ყოველთვიური ხელფასის მსგავსად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან იღებენ დახმარებას.

„ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, რა არის ქველმოქმედება და, მეორე მხრივ, რა შეიძლება იყოს პოლიტიკური კორუფცია, – უპასუხა კუბლაშვილმა. – თუ ადამიანს პოლიტიკური მიზნები აქვს და ამის გამო აკეთებს ამას, ასეთ შემთხვევაში, ეს არის პოლიტიკური კორუფცია და პოლიტიკური მოსყიდვა, მაგრამ თუ ამის გარეშე აკეთებდა, ამაზე, რა თქმა უნდა, არ უნდა გავრცელდეს ეს შეზღუდვა. ეს ჩემი პირადი აზრია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მზად ვარ, ამასთან დაკავშირებით დავაზუსტოთ ეს ფორმულირებები, მაგრამ, ზოგადად, ამ მიმართულებით პოლიტიკის და რაიმე სხვა სახის დახმარებების აღრევას კარგი რომ არაფერი არ მოუტანია არცერთ ქვეყანაში, მე მგონი, ამაზე ვთანხმდებით“.

სხვა ახალი რეგულაციები: პარტიების საწევრო შენატანები წელიწადში 1 200 ლარს არ უნდა აღემატებოდეს; პარტიების წლიური ჯამური დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 0.2%-ს; ამ ნორმის მიღების შემთხვევაში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროგნოზით, თითოეული პარტიის დაფინანსება 2012 წელს 53 მლნ ლარს არ უნდა აღემატებოდეს; პარტიამ ინფორმაცია შემოწირულობის შესახებ ფულის მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც კონტროლის პალატამ ეს ინფორმაცია საჯარო უნდა გახადოს.

კანონპროექტი აწესებს ახალ შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც, პარტიას სესხის აღების უფლება ექნება მხოლოდ ბანკში და არა რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისგან.

ამასთან, კომერციულ ბანკს უწესდება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, მის მიერ წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისთვის გაცემული კრედიტის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. კერძოდ, ერთ კომერციულ ბანკს შეუძლია, რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას მისცეს სესხი, თუმცა ამ სესხების წლიური ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

20 დეკემბერს გამართული განხილვების დროს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიანიშნეს, რომ ისინი განიხილავენ საკითხს ამ ლიმიტის გაზრდის თაობაზე, სანამ პროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით დამტკიცდება.