პოლიტიკა
სააკაშვილი: „ევროპელმა მონადირეებმა რუსეთის დათვი უნდა გააძევონ!“

mishaa5თბილისი, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრედ მარტენსთან ერთად ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე კვირის წინათ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობასა და „ევროპელ მონადირეებსა“ და „დათვზე“ ისაუბრა.

„ჩვენისთანა ქვეყნისთვის ასეთ რეზოლუციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის, რომ დამკვიდრდა სიტყვა „ოკუპაცია“, ნიშნავს იმას, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება დეოკუპაცია. ის, რომ დამკვიდრდა ტერმინი „ეთნიკური წმენდა“, ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეები ადრე თუ გვიან აგებენ ამისთვის პასუხს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ევროპელები მონადირეებს შეადარა, რუსეთი კი – დათვს და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ურყევი კურსი და ეს არის ევროპულ ოჯახში გაწევრება. „ჩვენი დამპყრობელი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პარტიის ემბლემა არის დათვი და, მათი ჭკუით, ეს გამოხატავს მათ პოლიტიკურ სიძლიერეს. წარმოიდგინეთ, ევროპელმა მონადირეებმა 1990-იან წლებში ეს დათვი საკუთარი ტყიდან გააძევეს. ახლა ეს მონადირეები მოადგნენ ჩვენს რეგიონს და ამ დროს ეს დათვი შემოგვეყარა. არის ერთი გამოსავალი, როგორც ქართულ ანდაზაშია – დათვს ვუთხრათ ბაბაია და მოვეფეროთ, იქნებ არ შეგვჭამოს; მეორე გამოსავალია, მონადირეებს, რომლებიც აქვე არიან, დავუძახოთ. ვინც ჩვენ გვეუბნება, რომ მონადირეებს არ უნდა დავუძახოთ, იმას ჰგონია, რომ დათვი არ შეგვჭამს, მაგრამ იმდენჯერ ვყავართ ამ დათვს წინა საუკუნეებში შეჭმული და შესანსლული, რომ, მგონი, საკმარისი გაკვეთილი უნდა მიგვეღო. პირადი ინტერესები არ უნდა დააყენო საკუთარ ხალხზე და ქვეყანაზე მაღლა. ჩვენ გვაქვს კურსი ურყევი და ეს არის საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება“, – დასძინა სააკაშვილმა.