საზოგადოება
თბილისი, 20 დეკემბერი, საქინფორმი. მსოფლიოს ცნობილი საოპერო თეატრების მსგავსად, თბილისში დაფუძნდა „თბილისის ოპერის მეგობართა საბჭო“.
მეგობართა საბჭოს წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ თბილისის ოპერის თეატრის განვითარებაში. მასში გაწევრება შესაძლებელი იქნება საბჭოს წევრთა წარდგინებითა და რეკომენდაციით.
თბილისის ოპერის თეატრს უდიდესი წვლილი შეაქვს დედაქალაქის კულტურული განვითარების საქმეში. შესაბამისად, ევროპული თეატრების მსგავსად, „თბილისის ოპერის თეატრის მეგობართა საბჭოს“ საპატიო თავმჯდომარე თბილისის მერი გიგი უგულავა იქნება. საბჭოში აკუმულირებული თანხები საგანმანათლებლო პროექტებს, მუსიკოსებისა და დასის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების საზღვარგარეთ სტაჟირებას, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე გამგზავრებას, საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას, სხვადასხვა ქვეყნების საოპერო თეატრებთან ურთიერთობების დამყარებას, მუსიკალური საკრავების ტექნიკურ მომსახურებასა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებას მოხმარდება. „თბილისში ოპერის აშენებამ, ფაქტობრივად, მენტალური რევოლუცია მოახდინა. რომ ნახოთ იმდროინდელი გაზეთები, წიგნები, მიხვდებით, არაფერს მოუხდენია ისეთი ზეგავლენა თბილისის ცხოვრებაზე, როგორიც – ოპერის აშენებას. ამ ნაბიჯით თბილისმა, კლასიკურმა აზიურმა ქალაქმა, დაიწყო სვლა ევროპისაკენ. ოპერა დღემდე ატარებს ამ ფუნქციას. ეს ფონდი, მნიშვნელოვანია იმით, რომ გარდა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებებისა და თანხებისა, ის აკუმულირებას გაუწევს დამატებით ფინანსებს კერძო სექტორიდან. ეს თანხები იქნება განკუთვნილი საგანმანათლებლო ფუნქციისთვის და დააფინანსებს ნიჭიერ ახალგაზრდებს, გზას გაუხსნის მათ სხვადასხვა სასწავლებლებისაკენ, რათა შედეგად მივიღოთ ახალი თაობის ვარსკვალავები“, – აღნიშნა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.