პოლიტიკა
ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 26,2 მლნ ევრო გადარიცხა

evrokavshiriiiiiiiiთბილისი, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის ინფორმაციით, ევროკავშირმა 43,5 მლნ ევროს ოდენობის დახმარებიდან, რომელიც საქართველოსათვის ე.წ. სპეციალური ღონისძიებებისათვის არის გათვალისწინებული და რომელსაც საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად გაატარებს, 21,1 მლნ ევრო გადაიხადა.

„მხარდაჭერა ხელს შეუწყობს საქართველოს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სამოქმედო გეგმაში დასახული ამოცანების მიღწევაში, კერძოდ: იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება და ახალი ბინების მშენებლობა ფოთში, ბათუმსა და წყალტუბოში“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ამასთან, ევროკავშირმა პროფესიული განათლების სექტორის მხარდასაჭერად 2009 წელს შეპირებული 19 მლნ ევროდან 5,1 მლნ ევრო გამოყო. უწყების განმარტებით, „ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებასა და გადამზადებას, რადგან ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის ერთ-ერთი ძირითადი სფეროა“.

იმავე ინფორმაციით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმებებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების სანაცვლოდ, ევროკავშირი აგრძელებს თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდგომ გადარიცხვებს. „საბიუჯეტო დახმარება ის ინსტრუმენტია, რომელსაც ევროკავშირი და სხვა დონორები სტრატეგიული რეფორმების განხორციელებაში მთავრობების დასახმარებლად იყენებენ. საბიუჯეტო დახმარება გულისხმობს თანხების პირდაპირ სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხვას ხელისუფლების მიერ რეფორმის პროგრამაში უკვე შეთანხმებული პირობების შესრულების სანაცვლოდ. საბიუჯეტო დახმარება ხელს უწყობს ბენეფიციარ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული დიალოგის განვითარებას“,  – აღნიშნულია პრესრელიზში.