საზოგადოება
ცაგარეიშვილი თორთლაძის განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს

cagaraa-tortladzeeთბილისი, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ოპოზიციონერმა დეპუტატმა გია თორთლაძემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს დღეს რუსი ოლიგარქი უწოდა და განაცხადა, რომ ის რუსული ფულით საქართველოში არეულობის ინსპირირებას ცდილობს. თორთლაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილი ამ მიზნით კონკრეტულ პარტიებსა და პიროვნებებს ფულს ურიგებს. ამ განცხადების შემდეგ მან სხდომათა დარბაზი დატოვა.

თორთლაძის ამ განცხადებას გიორგი ცაგარეიშვილი (თავმჯდომარე ფრაქციისა „ერთობა სამართლიანობისთვის“, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი) გამოეხმაურა, რომელიც გია თორთლაძის დღევანდელ განცხადებაზე სამართალდამცველების რეაგირებას ითხოვს.

როგორც ცაგარეიშვილმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გია თორთლაძის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ქართულ პოლიტიკაში, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ, მაგრამ ამას ისე უნიჭოდ აკეთებენ, რომ ადამიანს ამ ქმედების წარმომავლობასა და მიზანზე დიდი ფიქრი აღარ სჭირდება.

„მრავალჯერ გამოვსულვარ მოწოდებით, რომ შეწყდეს მტრის ხატის გამოძერწვა ადამინებისგან, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს შუძლებელია. მივმართავ სადეპუტატო თხოვნით მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რეაგირება მოახდინონ გია თორთლაძის გამოსვლაზე და გაარკვიონ, თუ ვისი ფული სად რიგდება და როგორ რიგდება და დასკვნა პარლამენტში წარმოადგინონ. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ უმჯობესი იქნებოდა, მსგავს ბრალდებებზე ხელისუფლება საუბრობდეს, რადგან საზოგადოებისთვის ყველაფერი უფრო ნათელი იქნებოდა.

ცაგარეიშვილის განცხადების შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ საორგანიზაციო დეპარტამენტს სადეპუტატო მიმართვის გადაგზავნის უზრუნველყოფა სთხოვა. ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი დეპუტატს დაჰპირდა, რომ „ყველაფერი გაირკვევა“.