საზოგადოება
თბილისი, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დღეს, 15:00 საათზე, პრესის გავრცელების ჯიხურების აღებას და „მაესტროსთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ქართული მედიის წარმომადგენლები გააპროტესტებენ.
როგორც პრესის ასოციაციის წარმომადგენელი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე განმარტავს, დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნები პრესის ჯიხურების წინააღმდეგ გამალებული ბრძოლისა და „მაესტროს“ შენობის „ოკუპაციის“ შეწყვეტაა. „აქციაზე მოვითხოვთ, რომ შეწყდეს პრესის ჯიხურების წინააღმდეგ გამალებული ბრძოლა, ხელისუფლებამ თავისუფალ მედიას არსებობისა და საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს. ასევე, ჩვენი მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერიოს ნუცუბიძის №93-ში მდებარე „მაესტროს“ შენობის ოკუპაციისგან გათავისუფლების საკითხში“, - აცხადებს ჩაფიძე.