საზოგადოება
თბილისი, 19 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის“ დამფუძნებელმა ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „საქართველოში პირველი სამშვიდობო ინსტიტუცია გაჩნდა, რომელიც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის დაწყებისა და სამშვიდობო ურთიერთობებისთვის საფუძვლებს მოამზადებს“.
„ჩვენი სამშვიდობო ურთიერთობები გარდაუვალი რეალობაა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ეს პირველი სამშვიდობო ინიციატივაა, რომელიც ოსებთან და აფხაზებთან ნდობის და ორმხრივი ურთიერთობების აღსადგენად პირდაპირ დიალოგს იწყებს. „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი“, როგორც სამოქალაქო ორგანიზაცია და მოძრაობა, წინასწარ შემუშავებულ კონცეფციას და პროექტს ეყრდნობა, რომლის მიზანია ურთიერთობების დაახლოება თავისუფალი გადაადგილების უფლებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენისთვის, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის, ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე ერთობლივად ზრუნვისთვის“, – განაცხადა კირთაძემ.„ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის“ დამფუძნებელი მთავარ პარტნიორად ევროკავშირს განიხილავს და აცხადებს, რომ ორგანიზაციის ელჩთან საქართველოში პირველი შეხვედრა უკვე შედგა და, ამასთან, შესაბამისი დოკუმენტები საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორიო ორგანიზაციებს დაეგზავნათ.
კირთაძე მიიჩნევს, რომ „რუსეთის ფედერაციის როლი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ორმხრივი დიალოგის დაწყების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია“.