საზოგადოება
ხობის ბიუჯეტი საარჩევნო წელსაა მორგებული

xobis-biujetiiზუგდიდი, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ხობის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი მთლიანად საარჩევნო წელსაა მორგებული. ამის შესახებ საქინფორმთან საუბარში ხობის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ხობი-დემოკრტების“ ლიდერმა ბორის ბერაიამ განაცხადა.

„ახალ ბიუჯეტში გაზრდილია გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასებითვის გამოყოფილი თანხები, საწვავისა და ავტომობილის მომსახურების ხარჯები“, – აცხადებს ბერაია.

ხარჯებისა და ხელფასების ზრდასთან ერთად მცირდება სოციალურად დაუცველთა ერთჯერადი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხები და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

ახალი ბიუჯეტის პროექტში ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს ხარჯები 127 ათასი ლარით აქვთ გაზრდილი, თანხა მთლიანობაში 1 მილიონ  937 ათას ლარს შეადგენს. ხობის ბიუჯეტი კი 6 მილიონი ლარია.

ხობის საკრებულო ახალ ბიუჯეტს, ორგანული კანონის შესაბამისად, წლის ბოლომდე დაამტკიცებს.