თბილისი, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტისადმი მსგავსი მიმართვა ქართულ და ინგლისურ ენებზე თითქმის ყველა გაზეთის დღევანდელი ნომრის პირველ გვერდზეა დაბეჭდილი. გაზეთები „ასავალ-დასავალი“, „რეზონანსი“, „კვირის პალიტრა“, „ვერსია“, „ახალი თაობა“, „ქრონიკა“ ამ ფორმით საგაზეთო ჯიხურების აღების კამპანიას აპროტესტებენ და პრეზიდენტ სააკაშვილს მისი შეჩერების მოთხოვნით მიმართავენ.
გაზეთ „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, თბილისში არსებულ პრესაზე სპეციალიზებული 140-150 ჯიხურიდან დღეისთვის რამდენიმეღა დარჩა და მათაც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე აიღებენ.სტატიის ავტორი ხათუნა პაიჭაძე პრესიის ასოციაციის ხელმძღვანელ ლაშა ტუღუშსა და ექსპერტებსაც ესაუბრა, რომლებიც საგაზეთო ჯიხურების აღების კამპანიას ბეჭდურ მედიაზე ზეწოლად აფასებენ. „ეს არის აღვირახსნილი ქმედება! ცხადია, ამ ვითარების თავიდათავი ხელისუფლების პოლიტიკური კრიზისია. ასეთი რეაქციული შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე ჯერ არ ყოფილა და ეს პირდაპირ უკავშირდება არჩევნებს“, – აცხადებს ტუღუში.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი, ესა თუ ის პოლიტიკური ძალა მედიის ჩაქრობას ცდილობს. „მედია სინათლეს ჰგავს. ის საზოგადოებას უნათებს სახელმწიფო ცხოვრების იმ ბნელ კუნჭულებს, რომელთაც ადამიანი ვერ ხედავს. ისევე, როგორც ქურდები ამსხვრევენ ღამე ნათურებს, ასევე ცდილობს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა მედიის ჩაქრობას. ეს უნდა იყოს საზოგადოების შფოთვის საგანი“, – ამბობს საყვარელიძე.
გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით კი, პრესის გამავრცელებელი კომპანიების ნაწილი გაკოტრების საფრთხეზე საუბრობს. „პრესის გამავრცელებელი კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი ტენდენციის გათვალისწინებით, რომელიც ქალაქში პრესის ჯიხურების აღებას უკავშირდება, გაკოტრების პირას იმყოფება“, – წერს გაზეთი.