პოლიტიკა
თბილისი, 17 დეკემბერი, საქინფორმი. „აფსნიპრესის“ ცნობით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი აფხაზეთის ლიდერ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა სოხუმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ ჩვენი სტრუქტურები როგორ უზრუნველყოფენ ერთობლივად აფხაზეთის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პატრუშევმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით „უახლოეს მომავალში“ რიგი ორმხრივი დოკუმენტების გაფორმება იგეგმება.
ალექსანდრე ანქვაბის შეფასებით, უსაფრთხოების საკითხები „წარმატებით გვარდება“. „ჩვენ შემდგომშიც ამგვარად ვიმუშავებთ უსაფრთხოების თემაზე“, – განაცხადა ანქვაბმა.„აფსნიპრესის“ ცნობით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა გუდაუთაში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა მოინახულა.
აფხაზეთში სტუმრობამდე პატრუშევმა რუსულ გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთან“ ინტერვიუში საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე „რუსეთში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად ადამიანების მომზადებაში“ დაადანაშაულა. თბილისში ამ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს.