პოლიტიკა
ჯონ ბასი აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას მიესალმება

jon-basi-33თბილისი. 19 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, აშშ-ის კონგრესმა საქართველოსთან უფრო მჭიდრო სამხედრო ურთიერთობების დამყარების შესახებ დოკუმენტს უყარა კენჭი, რომელიც თბილისისთვის ამერიკული შეიარაღების მიყიდვას ითვალისწინებს. სენატის მიერ უკვე დამტკიცებული პენტაგონის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი, რომელშიც შედის შესაბამისი დებულება, ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაეგზავნა.

როგორც კანონპოექტის 1244-ე მუხლშია აღნიშნული, „დოკუმენტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 90 დღისა პრეზიდენტმა უნდა შეიმუშაოს და კონგრესს წარუდგინოს აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის ნორმალიზაციის გეგმა თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის ჩათვლით“.

იმ ამოცანებს შორის, რომელთა გადაჭრაზე უნდა იყოს ორიენტირებული გეგმა, ფიგურირებს „საქართველოს მთავრობის დახმარება საკუთარი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფაში საქართველოს მთავრობის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებული ვალდებულებისა და გაეროს წესდების 51-ე მუხლის გათვალისწინებით; აშშ-ის მიერ სამხედრო ტექნიკისა და ქონების გაყიდვა და სამხედრო მომსახურება თავდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მხარდასაჭერად“.

გარდა ამისა, კონგრესმენები ისურვებდნენ, რომ ობამას ადმინისტრაციამ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ნატოს უფრო ფართო ძალისხმევის ფარგლებში ალიანსის სხვა წევრი და გაწევრების პრედენდენტი ქვეყნები სამხედრო ტექნიკისა და ქონების მიყიდვის აღდგენის და შესაბამისი მოცულობების ზრდის, ასევე, საქართველოსთვის სამხედრო მომსახურების გაწევის აუცილებლობაში დაარწმუნოს. აღნიშნული გეგმა უნდა შეიცავდეს, ასევე, საქართველოს თავდაცვითი მოთხოვნილებების შეფასებასა და ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხედრო ტექნიკისა და ქონების შეძენისა და სამხედრო მომსახურების შესახებ საქართველოს მთავრობის განაცხადების ჩამონათვალს, რომელსაც პენტაგონი მოამზადებს.

აღნიშნული დოკუმენტის მიღებას საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯონ ბასი გამოეხმაურა, რომლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტს დეტალურად არ იცნობს, საქართველოსა და ამერიკას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას მიესალმება.