რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს

nikolozobaთბილისი. 19 დეკემბერი, საქინფორმი. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმიდა ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. სასწაულთმოქმედების უნარი წმიდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნიკოლოზი განსაკუთრებით უმწეოებს ეხმარებოდა. როცა მისი მშობლები გარდაიცვალნენ და მას მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს, წმიდა ნიკოლოზმა მთელი ეს ქონება ღარიბ-ღატაკებს უბოძა. ყოველივე ამას სხვებისაგან მალულად აკეთებდა. შემდეგ იგი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების თაყვანსაცემად. სამშობლოში დაბრუნებული ნიკოლოზი ქალაქ მირონში წავიდა, სადაც ეპისკოპოსად აირჩიეს. ნიკოლოზი თავის სამწყსოს აძლიერებდა, რის გამოც ის შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს. იქ კი მან 8 წელი დაჰყო.

ნიკოლოზმა დიდხანს იცხოვრა და მრავალი სასწაული მოახდინა. იგი 342 წლის 6 დეკემბერს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ დაკრძალეს. წმიდა ნიკოლოზის უხრწნელი ნაწილები მაშინვე კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდა, მასთან შეხებით სნეულნი იკურნებოდნენ.

წმიდა ნიკოლოზი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. მარტო თბილისში წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ხუთი ეკლესიაა.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 19 დეკემბერს წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეა, ხოლო 22 მაისს – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების.