აქტუალური
ერიკ რუბინი: „ივანიშვილის გამოჩენამ არჩევნების მიმართ ინტერესი დააჩქარა“

erik-rubinთბილისი, 17 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინი 15 დეკემბერს საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რუბინსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრას ამერიკის საელჩოში დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, დავით გამყრელიძე, გიორგი თარგამაძე და კახა შარტავა ესწრებოდნენ.

როგორც რუბინისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილის შემოსვლას მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს. „ბატონი რუბინი ბევრ საინტერესო დეტალს შეეხო, მათ შორის, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებს. ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლას მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს. ხელისუფლებასაც ეუბნებიან, რომ ამით ქვეყანამ უნდა ისარგებლოს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სამართლიანი, სერიოზული კონკურენცია უნდა გაიმართოს. ამ მიზნით მათ კონკრეტული რჩევები აქვთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩიკაგოს სამიტი და საქართველოს ნატოში ინტეგრაციაც იყო. „ჩვენ ვთქვით, რომ ნატოში გაწევრება საქართველოს უსაფრთხოების მთავარ გარანტად რჩება და ჩიკაგოს სამიტზე ველით გადაწყვეტილებას, რომელიც ინტეგრაციის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს. შევეხეთ მედიის, სასამართლოს პრობლემებს და პოლიტიკურ თავისუფლებებს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის ინფორმაციით, უცხოელი სტუმარი საარჩევნო სისტემითაც დაინტერესდა. „ჩვენ ვუთხარით, რომ გეგმა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, მხოლოდ ერთ პარტიაზეა მორგებული და ხელისუფლება ცდილობს, მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ძალებს შორის შეტაკებას გარდაუვალს ხდის. სისტემა, რომლის დამკვიდრებასაც ხელისუფლება ცდილობს, განაპირობებს მის სრულ მარცხს ან სრულ გამარჯვებას. ჩვენ გვინდა მრავალპარტიული დემოკრატია. პროპორციული წარმომადგენლობითი წილის ზრდა საარჩევნო სისტემაში ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დალაგების წინაპირობაა“, – დასძინა არასაპარლამენტო ოპოზიციონერმა ლიდერმა და იმედი გამოთქვა, რომ ერიკ რუბინი ამ თემებზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისაუბრებს.

კომენტარი შეხვედრის შემდეგ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემაც გააკეთა, რომელმაც, როგორც თავად განმარტა, რუბინთან შეხვედრისას საგარეო გამოწვევებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამგვარი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან რუბინს იგივე პოზიცია აქვს საქართველოსთან მიმართებაში, რაც თავის დროზე ჰქონდათ მეთიუ ბრაიზასა და თინა ქეიდანაუს. „შეხვედრაზე საუბარი საგარეო საკითხებთან ერთად საქართველოს შიდა პოლიტიკასაც შეეხო. ბატონმა რუბინმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ საქართველოში არჩევნების მიმართ ინტერესი დააჩქარა და აშშ-მ ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესზე დაკვირვება ვადაზე ადრე დაიწყო. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს შიდა პრობლემები აქვს ეკონომიკური კუთხით და, ამასთან, თავადაც არჩევნები ელის, საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან არ იხსნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით კი, რუბინთან შეხვედრაზე ისაუბრა, თუ რა ცვლილებები გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლამ. „ვისაუბრეთ პოლიციისა და უშიშროების სამსახურების ზეწოლაზე, რეგიონებშიც და თბილისშიც, რომელიც ხორციელდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ასევე, იმაზე, თუ რა ცვლილებები გამოიწვია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ და რამდენად მნიშვნელოვანია, ამერიკამ დიდი ყურადღებით შეისწავლოს ის თავდასხმები, რომელიც მოდის ხელისუფლების, საგადასახადო სამსახურებისა და მედიის მხრიდან ჩვენს პოლიტიკურ ალიანსზე“, – განაცხადა ალასანიამ.