რელიგია
დღეს ბარბარობაა

barbaroba11თბილისი, 17 დეკემბერი, საქინფორმი. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობას აღნიშნავს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე III-IV საუკუნეებში ცხოვრობდა. მისი მამა დიოსკორე დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელიც შვილს საგანგებოდ აშენებულ კოშკში უცხო ხალხისაგან მოშორებით ზრდიდა. მიუხედავად ამისა, ბარბარემ ქრისტიანი თანატოლები გაიცნო და თვითონაც მამისგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, იგი მოსაკლავად გაიმეტა. ბარბარე თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი ქალაქში შიშველი გამოეყვანათ. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა – წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ ერთადერთ შვილს საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი.

დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ. ისინი მეხმა ფერფლად აქცია. წმიდა ბარბარე სიკვდილის წინ უფალს შეევედრა: მისი მოწამებრივი აღსასრულის ყველა მომხსენიებელი უზიარებლად გარდაცვალებისაგან დაეფარა.

დიდმოწამე ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება.