თბილისი, 16 დეკემბერი, საქინფორმი. „ჰუმანიტარულმა მდგომარეობამ გალის რეგიონში ამჟამად გადამწყვეტ მომენტს მიაღწია, მაგრამ უკეთესობისკენ გადაწყდება საქმე, თუ უარესობისკენ, დამოკიდებულია ყველა ჩართულ მხარეზე“, – განაცხადა თინა აკეტოფტმა (შვედეთი, ALDE) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის კომიტეტის (PACE) მომხსენებელმა საქართველოში, კერძოდ, თბილისში, გალსა და სოხუმში ოთხდღიანი ვიზიტის ბოლოს. აღნიშნული ვიზიტი ჩატარდა ფაქტების მოძიების მიზნით ანგარიშის მოსამზადებლად თემაზე „ჰუმანიტარული მდგომარეობა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად: ჰუმანიტარული მდგომარეობა ომისგან დაზარალებულ ადგილებში“.
„რაც შეეხება კარგს, – განაცხადა ქალბატონმა აკეტოფტმა, – უსაფრთხოების თვალსაზრისით, მდგომარეობა გაუმჯობესდა. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, ქუჩები უსაფრთხოა და გადადგმულია ეფექტიანი ნაბიჯები რეკეტის, მექრთამეობისა და კორუფციის აღმოსაფხვრელად გალის რეგიონში. ეს იმედის მომცემი ფაქტია, თუმცა, ბევრი რამაა კიდევ გასაკეთებელი.“„რაც შეეხება უარესს, უმთავრეს პრობლემად რჩება ბავშვებისა და მათი განათლების მდგომარეობა, განსაკუთრებით კი, ეთნიკურად ქართველი ბავშვების“, – განაცხადა მომხსენებელმა. „ბავშვებს უნდა შეეძლოთ, განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ, განსაკუთრებით, ჩამოყალიბების ასაკში, იქნება ეს ქართული, აფხაზური, რუსული თუ სომხური. როგორც მინიმუმ, ბოლო წლებში უნდა ჰქონდეთ სრული შესაძლებლობა, ისწავლონ თავიანთი მშობლიური ენა, თუ განათლებას ვერ მიიღებენ ამ ენაზე, – დაამატა მან. – ეს არ არის პოლიტიკური საკითხი; ეს, მარტივად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის“.
ქალბატონი აკეტოფტის განცხადებით, „ყველაფერი ნაცრისფერი როდი იყო“გალის რეგიონში. მან მიუთითა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გამშვები პუნქტების დამატების პერსპექტივაზე. „ამგვარი გამშვები პუნქტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში, ოჯახის, სამედიცინო დახმარებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, – განაცხადა მომხსენებელმა. – ზოგისთვის კი ხელმისაწვდომი გახდება განათლება, პენსია და სხვა უფლებები“.
ქალბატონი აკეტოფტის კომენტარის თანახმად, „ჰუმანიტარული საკითხები არ შემოიფარგლება მხოლოდ გალის რეგიონით. უსათუოდ მნიშვნელოვანია ზომების მიღება ნდობის აღსადგენად მთელი რეგიონის მასშტაბით, რის გარეშეც რთული იქნება ჰუმანიტარული საკითხის გადაწყვეტა.“
ქალბატონმა აკეტოფტმა ასე შეაჯამა გამოსვლა: „ერთი ნაბიჯი, რითაც შეიძლება დაიწყოს ნდობის აღდგენის გრძელი გზა, შეიძლება იყოს გულწრფელი ძალისხმევა, გადაწყდეს დაკარგული ადამიანების საკითხი. არის ამ საკითხის პროგრესის გარკვეული პერსპექტივა, რაც აუცილებლად წასაქეზებელია“.