თბილისი, 16 დეკემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ზამთრის პირველ ნახევარში ეწვევა. როგორც ალასანია „The Diplomatic Courier“-თვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომლის ქართულ თარგმანსაც Foreignpress.ge აქვეყნებს.
„ზამთრის პირველ ნახევარში საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კლინტონი ესტუმრება. დიდი იმედი გვაქვს, რომ დიალოგი, რომელიც სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში დემოკრატიის საკითხზე გაიმართება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ხელშესახებ რეზულტატებს მოგვცემს“, – აცხადებს ალასანია და იქვე აღნიშნავს, რომ სწორედ სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვიტა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა.ალასანიას მტკიცებით, „ივანიშვილის მთავარი მიზანია, მომავალ წელს სამართლიანი არჩევნები გვქონდეს“. „ეს ძალა დაეხმარება საქართველოს გარემოებების შეცვლაში და სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მონოპოლია არჩევნების მეშვეობით მოსახლეობის მთავრობაზე მონოპოლიით შეიცვლება. მთავრობა მოსახლეობას უნდა ეკუთვნოდეს, იმის ნაცვლად, რომ ცალკეულმა პირებმა მთავრობაში მთელი მოსახლეობა დაიმორჩილონ. სწორედ ამით განსხვავდება ჩვენი ფილოსოფია სააკაშვილის პოზიციისგან“, – განაცხადა ალასანია.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსმაც განაცხადა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე წლის ოქტომბერში იმყოფებოდა.