საზოგადოება
თბილისი, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ინტერნეტტელევიზია „ITV“-ს მედიაკლუბში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, „პრეზიდენტის ყველა ბოლოდროინდელი განცხადება, ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირი კავშირის უქონლობის მიუხედავად, მაინც მასთანაა დაკავშირებული“.
„ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, არ იქნებოდა ვაუჩერები, ლაპარაკი ლაზიკას მშენებლობაზე, ზესტაფონელი ბავშვები კომპიუტერების გარეშე დარჩებოდნენ, სააკაშვილი პატარა მომღერლებს არ ჩაეხუტებოდა და საზღვარგარეთ ამდენს არ ივლიდა. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას უკავშირდება. სააკაშვილს ორი რამ აშინებს: პირველი – უფრო ნაციონალური იდეა, ვიდრე მას აქვს, რელიგიული ნიშნით შეფერადებული, და მეორე – მდიდარი და გავლენიანი ადამიანები“, – აცხადებს ბერძენიშვილი.მისივე თქმით, „სააკაშვილს პოლიტიკური მეტოქეების არასდროს ეშინოდა, მას არ ეშინოდა შალვა ნათელაშვილის ან „რესპუბლიკური პარტიის“ რომელიმე წარმომადგენლის. მას ორი რამ აშინებს – ანაფორა და მდიდარი ადამიანები“.
„სწორედ ამის გამოა, რომ როცა მისი მეტოქე ერთი კაცი იყო, მას მეორე კაცი ეგონა. ანუ, სააკაშვილმა ბრძოლა ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ წარმართა, მაშინ, როცა მისი ნამდვილი მეტოქე სულ სხვა კაცი იყო და სწორედ ამ კაცმა (ვგულისხმობ ლევან გაჩეჩილაძეს) სააკაშვილს დედაქალაქში არჩევნები მოუგო. ბიძინა ივანიშვილში თავმოყრილია პატარკაციშვილის ფინანსური რესურსები, გამრავლებული რაღაც ინდექსზე, ამას ემატება ივანიშვილის აშკარა პოლიტიკური გემოვნება, რაც მის განცხადებებშიც გამოვლინდა. კარგად ჩანს, რომ ივანიშვილს უფიქრია პოლიტიკაზე, ერკვევა ფსიქოლოგიაში, ამიტომ ივანიშვილი სააკაშვილისთვის მითოლოგიური შიშის სფეროა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ მას სხვა კომპრომატების არარსებობის გამო „პუტინის კაცი“ და „ფულის ტომარა“ უწოდა. თუმცა ეს სასაცილოა“, – აღნიშნავს ბერძენიშვილი.