სამართალი
ნაფიცი მსაჯულების მეორე გამამტყუნებელი ვერდიქტი

nafici-msajulebiთბილისი, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ნაფიცმა მსაჯულებმა, რომელთა მონაწილეობითაც სასამართლო პროცესი საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა, კვლავ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.

საქმე 7 წლის წინათ №1 კოლონიაში 27 წლის ნოდარ მატიაშვილის მკვლელობას ეხება. განსასჯელის სკამზე სამი ბრალდებული – ვახტანგ ბეჟანიშვილი, რომეო სარქისოვი და ლევან კიკაბიძე ისხდნენ. მათგან ორი – ბეჟანიშვილი და სარქისოვი, რომლებმაც ჩადენილი დანაშაული აღიარეს და სასჯელის შემსუბუქება ითხოვეს, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ერთხმად ცნეს, კიკაბიძე კი დამნაშავედ 10-მა მსაჯულმა გამოაცხადა.

აღნიშნული საქმისთვის საგანგებოდ 12 ნაფიცი და 3 სათადარიგო მსაჯული შეირჩა.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ მატიაშვილი სასჯელაღსრულების №1 კოლონიის 84-ე საკანში ჩამომხრჩვალი 7 წლის წინათ იპოვეს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულებმა მატიაშვილი ე.წ. ქურდული სამყაროს წევრების დაკვეთით მძინარე მოკლეს. საქმეში სულ 5 პირი ფიგურირებდა, რომელთაგან ერთმა გამოძიებასთან წლების წინათ ითანამშრომლა, კიდევ ერთი კი უკვე გარდაცვლილია.

განსასჯელებს ბრალად ედებათ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჩადენილი მკვლელობა, რომელიც 20 წელზე მეტ ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ნაფიცი მსაჯულები მოსაფიქრებელ ოთახში გუშინ 4 საათს მსჯელობდნენ.