სამართალი
სოფელ ფახულანში აფეთქება მოხდა

faxulani-saberioზუგდიდი, 15 დეკემბერი, საქინფორმი. წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში ძლიერი აფეთქების ხმა გუშინ, 2011 წლის 14 დეკემბერს, 16:00 საათისთვის გაისმა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქების ადგილს ამჟამად სპეციალისტები სწავლობენ, წინასწარი ინფორმაციით კი, ტერიტორია დანაღმული იყო.

როგორც საქინფორმს შემთხვევის ადგილიდან აცნობეს, აფეთქება ფახულანი-საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვართან სამანქანო გზაზე მოხდა. იმ დროს იქ არავინ იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, აღნიშნულ გზაზე სამარშრუტო ტაქსიც დადის და სკოლაში საბერიოდან ბავშვებიც გადმოდიან.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ფახულანი გალის რაიონის სოფელ საბერიოს ესაზღვრება, საზღვარზე კი რუსი მესაზღვრეები არიან განლაგებული.