„კავკასიურმა თანამშრომლობამ“ სოფლის მეურნეობის საკითხების განხილვას მიმდინარე წელს რიგით მეოთხე სემინარი მიუძღვნა. 2011 წლის 7 დეკემბერს სასტუმრო „ვერე პალასის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სემინარი „სოფლის მეურნეობა საქართველოში – პრიორიტეტი თუ ზედმეტი ტვირთი?“
შეგახსენებთ, რომ „კავკასიური თანამშრომლობა“ რუსულ-ქართული საექსპერტო ორგანიზაციაა, რომლის მიზანს წარმოადგენს რუსეთსა და საქართველოს შორის ტრადიციულად მჭიდრო სამეცნიერო და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენა.
სასტუმრო „ვერე პალასში“ ჩატარებულ სემინარში აქტიური მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორებმა (სასოფლო-სამეურნეო წარმოების განხრით) – პაატა კოღუაშვილმა (პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრი), დემურ ბახტაძემ (პროფესორი, სურსათის ექსპერტიზისა და უვნებლობის სპეციალისტი), ავთანდილ ოქროცვარიძემ (პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი), რევაზ გოგოხიამ (პროფესორი, თსუ-ს ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესის“ მთავარი რედაქტორი), გიორგი დოღონაძემ (თსუ-ს პროფესორი), გიორგი ზიბზიბაძემ (აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი), ანზორ მესხიშვილმა (პროფესორი, უძრავი (მიწის) ქონების ექსპერტი), თეიმურაზ კანდელაკმა (პროფესორი, აგრარული უნივერსიტეტი, სატყეო მეურნეობის სპეციალისტი), ბადრი რამიშვილმა (პროფესორი, სასურსათო ბიზნესისა და სტრატეგიული მენეჯმენტის დარგის სპეციალისტი), ზურაბ რევიშვილმა (პროფესორი, პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის განყოფილების უფროსი).სემინარს ესწრებოდნენ და სიტყვით წარდგნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები – „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, „თავისუფალი დემოკრატების“ ექსპერტი რევაზ გიგილაშვილი და „ეროვნული ფორუმის“ ექსპერტი თემურ მაისურაძე. სემინარი, ჩვეულებისამებრ, მიჰყავდათ „კავკასიური თანამშრომლობის“ ქართული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ნანა დევდარიანსა და გულბაათ რცხილაძეს. სემინარს სტუმრობდნენ ეკონომისტი, თსუ-ს პროფესორი ნოდარ ხადური და პრესის ჟურნალისტები.
ყოველი გამომსვლელის სიტყვა გამოკვეთილად კრიტიკული და პესიმისტური იყო სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობისადმი ამჟამინდელი დამოკიდებულების გამო. „მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქართული სოფლის არსებობა აღარ უნდა“, – აღნიშნა ნანა დევდარიანმა.
მომხსენებლების კრიტიკა გამოწვეული იყო ქართული სოფლის მეურნეობის დღევანდელი სავალალო მდგომარეობით, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების აზრის გათვალისწინება სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება. სხდომის წამყვანმა გულბაათ რცხილაძემ აღნიშნა კიდეც, რომ გამართულ სემინარებზე მეტწილად ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკა ისმის, რაც წინასწარი განზრახვით არ ხდება.
„კატასტროფული მდგომარეობაა დღეს სოფლებში. ხშირად დავდივარ სოფლებში და ვისაც ღონე ერჩის, აბსოლუტურად ყველა გაქცევას და საზღვარგარეთ წასვლას ცდილობს. წასასვლელი ფული რომ ჰქონდეთ, რამდენიმე დღეში დაიცლება სოფლები.
ახალგაზრდები უმუშევრები არიან. ძროხას გადევნიან საძოვარზე და მერე დგანან ბირჟაზე. თუმცა სახელმწიფო ასეთ ადამიანებსაც დასაქმებულად თვლის. ძროხის გადევნა თუ მუშაობა და დასაქმებაა, არ ვიცი“, – განაცხადა ზურაბ რევიშვილმა.
„კავკასიური თანამშრომლობა“ მზად არის, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც დაუთმოს ტრიბუნა კონტრარგუმენტებისათვის, თუკი ხელისუფლება საამისოდ მზად იქნება და არ უგულებელყოფს განსხვავებულ აზრს, როგორც ეს აქამდე ხდება.
სემინარზე აქტიურად განიხილეს სატყეო მეურნეობის თემაც. მონაწილეებს შორის აქტიური დისკუსია გაიმართა სხვადასხვა საკითხზე. განსაკუთრებით დიდი დავა მოჰყვა სატყეო მეურნეობის პრობლემატიკის განხილვას.
ერთ-ერთი გამომსვლელის მიხედვით, დღესდღეობით ტყეებისთვის მთავარ საფრთხეს ისევ ქართველი მოსახლეობა წარმოადგენს, რომელსაც მთავრობამ ნება დართო, პირადი მოხმარებისათვის, ფაქტობრივად, უკონტროლოდ მოიპოვოს შეშა. ეს პროცესი, გამომსვლელის შეფასებით, ხეტყის უწინდელ უკანონო ექსპორტთან შედარებით, არანაკლებ დამანგრეველია. თუმცა გამომსვლელს სხვა სპეციალისტები შეეკამათნენ და აღნიშნეს, რომ დღესდღეობით საფრთხე უცხოელი ინვესტორების მხრიდან უფრო მოდის (ისინი, ძირითადად, ჩინეთიდან და ინდოეთიდან არიან), რომლებიც 50 წლამდე იჯარით იღებენ (ფაქტობრივად, ყიდულობენ) საქართველოს სატყეო მასივებს.
ანზორ მესხიშვილი: „ 49-წლიანი სარგებლობის უფლებით რომ აძლევენ ვიღაცას ტყეს, ამაზე მეტი უკანონობა რაღა უნდა იყოს... გლეხმა რა უნდა ქნას მერე?! ტყეში შესვლა რომ მოუნდება, მოიჯარე უნდა ეძებოს და ნებართვა ითხოვოს?.. ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ, ეს კანონი არ უნდა შევიდეს ძალაში, თორემ დავღუპავთ გლეხებსაც და მთლიანად ქვეყანასაც“.
მეორე მხრივ, უცხოელ ინვესტორებს, ძირითადად, გარკვეული ჯიშის ძვირფასი მერქნის გატანა უფრო აინტერესებთ. ერთ-ერთი გამომსვლელის სიტყვაში იმ აზრმაც კი გაიჟღერა, რომ ჯობს, უცხოელ ინვესტორებს ჰქონდეთ ტყეები გადაცემული, რადგან ქართველი მოსახლეობა ტყეს მეტ ზიანს აყენებს შეშით სარგებლობის გამო (ამასთან დაკავშირებით აზრი გაიყო – უმცირესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ტყეები დღევანდელი კანონმდებლობით დაცულია მასობრივი ექსპორტისაგან, უმრავლესობა კი საწინააღმდეგო აზრისაა).
„უახლოეს მომავალში საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების ხელში აღმოჩნდება. შეუქცევადი ხასიათი მიიღო მიწების თავისუფალმა გაყიდვამ უცხოელებზეც, რაც პირდაპირი დანაშაულია ქვეყნისა და ერის წინაშე. თუ გონს დროზე არ მოვეგეთ, პროცესები ძალიან მალე მიიღებს კატასტროფულ სახეს“, – აღნიშნა ბადრი რამიშვილმა.
სოფლებში ბუნებრივი აირი ისევე ძვირია, როგორც დიდ ქალაქებში. სოფლის მოსახლეობას არ აქვს გაზის საფასურის დაფარვის საშუალება, ამიტომ ბუნებრივ აირს მეტწილად ისევ შეშას ამჯობინებენ. ეს კი ტყეების გაკაფვას იწვევს.
თუმცა სემინარზე გამოიკვეთა საერთო აზრი, რომ უცხოელი ინვესტორების მოზიდვის ამჟამინდელი პრაქტიკა მაინც მანკიერია და მთლიანობაში გაუმჭვირვალე – საზოგადოების კონტროლს ნაკლებად ექვემდებარება.
სემინარზე აღინიშნა მეტად მნიშვნელოვანი მომენტი: საქართველო, პრინციპში, არ არის მძლავრი საექსპორტო პოტენციალის მქონე აგრარული ქვეყანა, რადგან დედამიწაზე ნიადაგის ცნობილი 52 ტიპიდან საქართველოში 47-ს ვხვდებით. ეს ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა ჩვენი სახელმწიფოს მსგავსი მცირე ტერიტორიის ქვეყნისათვის. ნიადაგის ამგვარი მრავალფეროვნება კი ნიშნავს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მრავალფეროვნებას, მაგრამ, ამავე დროს, – მათი რაოდენობის სიმცირეს. ჩვენს ქვეყანას მის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო კულტურა ეყოფა შიდა მოხმარებისათვის, ეს ღვთის მიერაა ბოძებული. ამასთან, როგორც სემინარზე აღინიშნა, დიდი ამბიციები საერთაშორისო ბაზრების თვალსაზრისით, საქართველოს თავისი ბუნებრივი პოტენციალიდან გამომდინარე, ვერ ექნება.
გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხებისა, ხაზი გაესვა საქართველოში სარწყავი სისტემის გაჩანაგების სავალალო ფაქტს, დიდი ყურადღება დაეთმო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საკუთარი პარტიების პოზიცია გამოხატეს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ მთავრობა არ უსმენს სპეციალისტებს და არ ითვალისწინებს კომპეტენტურ აზრს. სოფლის მეურნეობა კი საქართველოში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, განვითარებული იქნება თუ განვითარებადი ეს ქვეყნები, საჭიროებს სახელმწიფოს მხარდაჭერას და ნაწილობრივ –პროტექციონიზმს.
კახა კუკავა: „რაც დღეს სოფლის მეურნეობაში ხდება, ესაა არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პრობლემა. საქართველოს მმართველი პოლიტიკური გუნდი ჩინელებისა და ინდოელების უფლებებს უფრო იცავს, ვიდრე ქართველებისას. სოფლის მეურნეობის მოდელები კი არ არის პრობლემა, პოლიტიკური გუნდი უნდა შეიცვალოს. როცა ხელისუფლებას ექნება ინტერესი და სურვილი – სოფელი ააღორძინოს, მხოლოდ მაშინ შეიცვლება ვითარება. მერე უკვე ამ საქმეს დარგის სპეციალისტები მიხედავენ. მთავარია, შეიცვალოს ის პოლიტიკური ამოცანები, რაც დღევანდელ რეჟიმს აქვს.
დღევანდელი ხელისუფლება კორუმპირებულია, მას ჩინელები ქრთამს უხდიან, დირექტივებს იგი ამერიკიდან იღებს, შემადგენლობითაც ეთნიკურად არაქართველები არიან. ქართველებზე ზრუნვისა და ფიქრის დრო მათ აღარ აქვთ. საქართველოს სათავეში უნდა იყოს ქართული, ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლება“.
სემინარის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს მის ორგანიზატორებს და გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში კიდევ გაიმართოს სოფლის მეურნეობის თემატიკაზე სემინარი, სადაც უფრო დაწვრილებით განიხილავენ ცალკეულ საკითხს.
ერთი სემინარი არ ჰყოფნის ისეთ მასშტაბურ თემას, როგორიც სოფლის მეურნეობაა. „კავკასიური თანამშრომლობის“ პროექტის ხელმძღვანელებმა სპეციალისტებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თანადგომა აღუთქვეს და მოუწოდეს, რომ მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში, „კავკასიური თანამშრომლობა“ მათ ინიციატივებს მხარდაჭერას აღმოუჩენს, კერძოდ, მოიზიდავს კოლეგა-სპეციალისტებსა და დამხმარე ლიტერატურას რუსეთიდან, დაეხმარება სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება-გადაწყვეტაში, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება-გავრცელებაში და ა.შ.
სემინარზე გაკეთებული მოხსენებები, სტენოგრამული ჩანაწერები ახლო მომავალში ტრადიციულად გამოქვეყნდება „კავკასიური თანამშრომლობის“ ვებგვერდზე.
თეო ტაბატაძე
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“