საზოგადოება
„მერმისის“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

11mermisiთბილისი, 15 დეკემბერი, საქინფორმი. სანზონაში ახალი პროფესიული კოლეჯი „მერმისის“ მშენებლობა იწყება. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ძველი შენობის პირველი სიმბოლური დემონტაჟი თავად დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განახორციელა. მასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

პროფესიულ განათლებაზე მოსახლეობის გაზრდილმა მოთხოვნამ დღის წესრიგში დააყენა სასწავლებლების რაოდენობის გაზრდა. ამ ფაქტით დავით გურამიშვილის გზატკეცილზე  საფუძველი კიდევ ერთი ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობას ჩაეყარა, რომლის მშენებლობა 2012 წლის სექტემბრისთვის დასრულდება და მსურველებს  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ 3 საფეხურს შესთავაზებს.

ახალი კოლეჯი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება.  კეთილმოეწყობა კოლეჯის ეზო და აშენდება სახელოსნოები, დაკომპლექტდება  კვალიფიციური კადრებით, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდება.

პროფესიული კოლეჯი  შრომის ბაზრის  მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და მსურველებს  მომსახურების, ტურიზმისა და მშენებლობის სფეროებში არსებულ სპეციალობებს შესთავაზებს. კოლეჯი სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად აღიარებულ შემდეგ პროგრამებს განახორციელებს: სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი; კალატოზი; მეფილე-მომპირკეთებელი; მებათქაშე; ელექტრიკოსი; მღებავი; დურგალი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; ძრავის შემკეთებელი; სამკერვალო ნაწარმის  სპეციალისტი; სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი; თექის ხელოსანი; შემდუღებელი; მეავეჯე; მზარეული.

პროფესიული განათლება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს და ზრუნავს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციაზე, ისე ადამიანური რესურსის განვითარებაზე.