პოლიტიკა
დავით გამყრელიძე: „ალასანია ღია კარს ამტვრევს“

gamyrelizeთბილისი, 15 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას გაზეთ „ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გაზეთ „ყველა სიახლის“ 14 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანიას ინტერვიუ, რომელშიც ის აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან   აწარმოებს მოლაპარაკებას  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურების და უშიშროების საბჭოს, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება  და პოლიტიკური ზეწოლის ყველა ფაქტზე მოახდენს რეაგირებას. ასევე, მისი განცხადებით, ის ეუთოს და ევროკავშირისგან მოითხოვს და ამერიკელ კონგრესმენებსაც მიმართა, ამავე პერიოდში მოხდეს ტელემაუწყებელთა გრძელვადიანი მონიტორინგი და იმედს გამოთქვამს, რომ მისი ძალისხმევით ეს ყველაფერი განხორციელდება.

ბატონ ალასანიასაც და საზოგადოებასაც გვინდა, შევახსენოთ, რომ საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც იგი პირდება საზოგადოებას, უკვე გადაწყვეტილია  და ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში ჩაწერილია შეთანხმების დოკუმენტში, რომელიც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით  ხელისუფლებასა და  ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმდა. კონკრეტულად, ამ შეთანხმების 3.1 და 3.2 პუნქტებში წერია ყველაფერი ის, რაზეც ბატონი ალასანია საუბრობს.

მიგვაჩნია, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად  სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ამ შეთანხმებისა, რომლისთვისაც „ახალი მემარჯვენეები“ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ვიბრძოდით და  მივაღწიეთ კიდევაც. ყოველივე ამის შემდეგ ბატონი ირაკლი ალასანიას ბოლოდროინდელი  განცხადებები ღია კარის მტვრევას ემსგავსება.

ამ შეთანხმებიდან მის საკანონმდებლო დონეზე ასახვამდე და იმპლიმენტაციამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი და გვინდა, ვუთხრათ ირაკლი ალასანიასაც და სხვებსაც, რომ ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის. არც უკვე მიღწეულის საკუთარ თავზე მიწერის მცდელობა მიგვაჩნია სწორ საქციელად. ჩვენი მხრიდან აღვნიშნავთ, რომ კარგია, თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ოპონენტები ამ ფორმით მაინც აღიარებენ, რომ ის,  რაც  შეთანხმებაში ჩაიწერა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენს ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნისათვის“.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებას ზემოაღნიშნული პუნქტები აქვს დართული, კერძოდ:

„3.1. კანონის საფუძველზე, 2012 წლის 1 ივლისიდან შეიქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზნადაც განისაზღვრება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგი და რეაგირება საარჩევნო კამპანიის წარმართვის წესების დარღვევაზე. საბჭოს კომპეტენცია განისაზღვრება კანონით;

3.2. კანონის საფუძველზე, არჩევნების გამოცხადების დღიდან, განხორციელდება მედიამონიტორინგი, რომლის მიზანიც იქნება საარჩევნო კამპანიის გაშუქების შეფასება. მედიამონიტორინგის განხორციელების მიზნით, ცესკო უზრუნველყოფს კომპეტენტური უცხოური ან/და საერთაშორისო კომპანიის შერჩევას“.