საზოგადოება
კონფერენცია „სოციალურ უფლებათა დაცვის ეფექტურობა საქართველოში“

qortiard_mariotijpgთბილისი, 15 დეკემბერი, საქინფორმი. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველისა და ევროსაბჭოს ევროპის სოციალურ საკითხთა კომიტეტის თანამშრომლობით დღეს ევროპის სოციალური ქარტიის 50-ე წლისთავის აღსანიშნავად კონფერენცია „სოციალურ უფლებათა დაცვის ეფექტურობა საქართველოში“ გაიმართება.

როგორც სახალხო დამცველის ოფისიდან იტყობინებიან, კონფერენციის თემაა ჯანმრთელობის, სოციალური კეთილდღეობისა და სოციალური უსაფრთხოების დაცვა. ცალკეულ სესიაზე ყურადღება დაეთმობა აღნიშნული თემების ფარგლებში ევროპული სტანდარტების მიმოხილვას და საქართველოს მიერ აღნიშნული უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და რეფორმებს. კონფერენციის მსვლელობისას განიხილება ის მექანიზმებიც, რომლებსაც აყალიბებს ევროპის სოციალური ქარტია წევრი სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის სოციალურ საკითხთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სოციალური ქარტიის სამდივნოს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

კონფერენცია ტარდება ევროსაბჭოს პროექტის – „დანიის საქართველოს პროგრამა 2010-2013, სასამართლოს რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა საქართველოში“ – დაფინანსებით.