პოლიტიკა
ცხინვალის პარლამენტის უარი პოსტსაარჩევნო გარიგებაზე

cxinvalis-parlaemntiთბილისი, 15 დეკემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ყოფილ ლიდერ ედუარდ კოკოითისა და ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევას შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, რეგიონის პარლამენტმა 14 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა წინადადებას მთავარი პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე.

ამ ორი ოფიციალური პირის გადაყენება ედუარდ კოკოითის გადადგომასთან ერთად იმ შეთანხმების ნაწილია, რომლითაც ცხინვალში ოპოზიციის ორკვირიანი საპროტესტო აქციები დასრულდა. 10 დეკემბერს გადადგომამდე კოკოითმა მთავარი პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასტამაზ ბიჩენოვი თანამდებობებიდან გაათავისუფლა – თუმცა ამ ქმედებას პარლამენტის მხრიდან დამტკიცება ესაჭიროებოდა. საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას მმართველი პარტია წარმოადგენს.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით,14 დეკემბერს გამართული ფარული კენჭისყრის დროს სახრეთ ოსეთის პარლამენტმა 22 ხმით 8-ის წინააღმდეგ ჩააგდო წინადადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე. მთავარი პროკურორის შემთხვევაში კი ხმები თანაბრად გადანაწილდა – 15/15, ხოლო ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

ალა ჯიოევამ დაგმო პარლამენტის უარი – შეესრულებინა შეთანხმების პუნქტები, რომელთაც მან და კოკოითიმ კრემლის წარმომადგენელ სერგეი ვინოკუროვის თანდასწრებით 9 დეკემბერს მოაწერეს ხელი. შეთანხების თანახმად, რუსეთი ამ გარიგების „გარანტორია“.

„ზოგიერთ დეპუტატს არ სურს სტაბილურობა რესპუბლიკაში და ძალ-ღონეს არ იშურებენ დაძაბულობის გასაღვივებლად“, – იტყობინება „რესი“ ჯიოევას სიტყვებზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ახლა რუსეთი, როგორც გარანტორი, უნდა ჩაერიოს და რეაგირება მოახდინოს შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის დარღვევაზე. ჯიოევამ, ასევე, განაცხადა, რომ იგი თავის მთავარ მოკავშირეებს შეხვდება, რათა მომავალი ნაბიჯები განიხილოს.