„ქართული პარტიის“ მიმართვა წამება-დაკავების ფაქტებზე
თბილისი, 14 დეკემბერი,
საქინფორმი. „ქართული პარტიის“ ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მასობრივი ხასიათი მიიღო ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნამ. პოლიტიკური რეპრესიები რამდენიმე ათეულ მოქალაქეს შეეხო. ისინი სამართალდამცველებმა პარტიული ნიშნით დააკავეს, რის შემდეგაც არ მიეცათ კანონმდებლობით გათვალისწინებული და აღიარებული უფლებების გამოყენების საშუალება. კერძოდ, დაკავებულებთან გარკვეულ პერიოდში არ უშვებდნენ მათი ინტერესების დაცველ ადვოკატებს. გარდა ამისა, დაკავებულთა ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული იყო როგორც ოჯახის წევრებისთვის, ისე სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის. როგორც მოგვიანებით ადვოკატებმა განაცხადეს, სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს მოკლებულ პირებს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასტიკად აწამეს. მაგალითად, მოქალაქე გოჩა ჩიხლაძემ წამების შედეგად გონება დაკარგა და სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, სასწრაფო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიეყვანათ.
როგორც „ქართული პარტია“ საქინფორმს აუწყებს, ასეთი ძალადობრივი პოლიტიკის გატარების მიზანია, საქართველოში შეიქმნას შიშისა და უნდობლობის ატმოსფერო, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას ავტორიტარული მეთოდებით ქვეყნის მართვას გაუადვილებს.
„გადაჭრით ვგმობთ საკუთარი მოქალაქეების მიმართ ხელისუფლების არაჰუმანურ, უკანონო და დანაშაულებრივ მოპყრობას და მოვითხოვთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების წამების დაუყოვნებლივ შეწყვეტას; მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა შეწყდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეების სამართლებრივი დევნა და რეპრესიები“, – ნათქვამია „ქართული პარტიის“ განცხადებაში.