თბილისი, 14 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა უაღრესად დადებითად შეაფასა 11 დეკემბერს „ქართული ოცნების“ დაფუძნება. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის ქართული ძალა, რომელიც ადამიანს თავისუფლებას დაუბრუნებს და ქვეყანას – თავის ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე. შაშიაშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ დაფუძნებამ, სულ მცირე, ორი კარგი გაკვეთილი მოგვცა: ერთი – პოლიტიკოსებს და მეორე, ალბათ, – ყველას.
ერთის ავტორი კახი კალაძეა.
„მან ბოდიში მოიხადა, ხაზს ვუსვამ, ბოდიში მოიხადა (ეს ხომ უცხოა პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებისათვის) ავტოგოლისათვის, მაგრამ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით, პრეზიდენტსა და ხელისუფლებას გვითხრა: თქვენი ბრალია, დღეს ხალხი და ქვეყანა ამ დღეში რომ არის და ერთხელ მაინც მოუხადეთ ბოდიში, მუდმივი ავტოგოლებით რომ ცხოვრობთო.კარგი ნათქვამია. სწორად ნათქვამი. როგორც იტყვიან, კახი კალაძემ კიდევ ერთხელ ცხრიანში მოარტყა. ეს უკვე პოლიტიკური ათიანია. მე ვიღებ მის ამ ნათქვამს“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
კიდევ ერთი გაკვეთილი ბიძინა ივანიშვილმა ჩაგვიტარა:
„ოცი წელია, მიჩვეული ვართ ემოციურ გამოსვლებს, ემოციებით ხალხის მართვას. სრულიად განსხვავებული იყო [პრეზენტაციაზე] ბიძინა ივანიშვილის ქცევაც, გამოსვლის ტონიც და განწყობაც. აკადემიური სტილით და ქართული სიდარბაისლით თქვა მთავარი: გონება უნდა დაიბრუნოს ქართულმა პოლიტიკამ; რომ ქვეყანა უნდა იმართოს გონებით და არა ემოციებით. ჩვენი ტრაგედია სწორედ იმაშია, რომ ქართულ პოლიტიკაში გონებადაკარგული ადამიანები მძლავრობენ, მძლავრობენ ხელისუფლების ტკბობით გონებადაკარგულნი; ისინი, რომელნიც საკუთარი ფეხებით და სხვისი თავით დადიან, ვინც ქვეყნის გარედან იმართება. ასეთი მდგომარეობა უბედურებაა ნებისმიერი ქვეყნისათვის, მით უფრო მაშინ, როცა პოლიტიკის გონების როლს ქვეყნის გარეთ შექმნილი პიარჯგუფები და ქვეყნით დაინტერესებული უცხო ქვეყნების პოლიტიკოსები ასრულებენ, – განაცხადა შაშიაშვილმა და იქვე დასძინა, – მე მიხარია, რომ მისი გამოსვლა იყო იდეური და არა სოციალური; რომ მისი გამოსვლა იყო გამოსვლა მოღვაწის, სახელმწიფო კაცის და არა ავტორიტეტდაკარგული დემაგოგი პოლიტიკოსის. მინდა, ვირწმუნო, რომ მან ეს შეგნებულად გააკეთა. ამ იდეების ავტორს რომ უამრავი სოციალური პრობლემის მოგვარება შეუძლია, ეს ნამდვილია და ძალიან კარგია, რომ განსხვავებით სოციალური დემაგოგი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტისაგან, ბიძინა ივანიშვილმა თქვა იდეური სიტყვა, ქართული სიტყვა, მომავლის სიტყვა. სიტყვაც საქმეაო, – ამბობენ, მით უფრო, იმ კაცის ხელში, ვინც საქმით უფროა ცნობილი, ვიდრე სიტყვით. მინდა, ვირწმუნო, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას ასეთი კაცის იმედი უფრო უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმათი, ვინც ტყუილი დემაგოგიით კვებავდა აქამდე“.
თემურ შაშიაშვილის აზრით, განსაკუთრებით დასაფასებელია ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილმა (განსხვავებით დღევანდელი პრეზიდენტისაგან, რომელიც „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი უფროა, ვიდრე ქვეყნის, ვერ იტანს მისგან განსხვავებულად მოაზროვნეს) დასაწყისშივე დიდი პატივით მიმართა იმ ხალხს, ვინც მის იდეებს არ იზიარებს, მაგრამ ქვეყნის ცხოვრებით ცხოვრობს. ესეც კარგი გაკვეთილი იყო.
„კარგი გაკვეთილი იმითაც იყო, რომ არავის უცდია პიროვნების გაღმერთება და გაფეტიშება. ყველა სიტყვა ქვეყნის სიყვარულით იყო გაჟღენთილი. და განსაკუთრებით აქტუალურია დღეს პოეტ რატი ამაღლობელის ნათქვამი: „ერთხელ მაინც შევძლოთ განსხვავებულთა ერთობა საქართველოსთვის“, რაც, თემურ შაშიაშვილის აზრით, კარგი საწყისია რეალური ერთიანობისათვის, ანუ იმისათვის, რომ დავძლიოთ შიში, ადამიანს დავუბრუნოთ ის, რაც ღვთით და ბუნებით აქვს ნაბოძები – თავისუფლება და თავისუფალმა ადამიანებმა ავიხდინოთ ქართული ოცნება. შევქმნათ ღირსეული, ძლიერი სახელმწიფო.