საზოგადოება
თბილისი, 14 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ The Washington Times-თან ინტერვიუში აცხადებს, „მიაჩნია, რომ სააკაშვილი ისევე უნდა მოიქცეს, როგორც ჯორჯ ვაშინგტონი მოიქცა, როცა მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წავიდა“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან დაკავშირებით, სადაც მომავალ წელს საპარლამენტო და კიდევ ერთი წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, ბევრი მიმომხილველი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს მიბაძოს და პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერი გახდეს. აქვე აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ძალაუფლების განაწილებამ ბიძგი მისცა სპეკულაციებს, რომ სააკაშვილს პრემიერობის იმედი აქვს. „არ მგონია, რომ ხელისუფლებაში მისი დარჩენა საქართველოსთვის სასარგებლო იქნება“, - აცხადებს ალასანია, როემლიც მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებები ისე მოირგო, რომ მათი ეფექტი 2013 წლისთვის გამოჩენილიყო და ეს იმ მიზნით გააკეთა, რომ ამგვარი არჩევანი ჰქონოდა. „მაგრამ მე მართლაც მჯერა, რომ მისი პოლიტიკური კარიერისა და საქართველოსთვის უკეთესი იქნება, თუ იგი ისე მოიქცევა, როგორც ჯორჯ ვაშინგტონი მოიქცა – ორი ვადის შემდეგ წავიდეს და მისცეს ქართველ ხალხს შანსი, ახალი ლიდერი აირჩიოს“, - დასძინა ალასანიამ.