თბილისი, 14 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, „საქართველოს სარეკლამო ბაზარს, რომელიც კონკურენციის ნაკლებობით ხასიათდება, მეგობრებისა და ბიზნეს პარტნიორებისგან შემდგარი მცირე, მაგრამ მჭიდროდ შეკრული ქსელი აკონტროლებს, რომელიც, შესაბამისად, დიდ გავლენას ახდენს მედია სექტორის განვითარებასა და მდგრადობაზე“.
ანგარიში, რომელიც 13 დეკემბერს გამოქვეყნდა, ქვეყნის სარეკლამო ბაზრის და მისი მთავარი მოთამაშეების კვლევას წარმოადგენს და განიხილავს, თუ როგორ ნაწილდება რეკლამის ხარჯები სექტორების მიხედვით (ბაზრის მთავარი მოთამაშეების ინტერაქტიული რუკა ორგანიზაციის ვებ–გვერდზეა ხელმისაწვდომი).
„ის გარემოება, რომ მთელ რიგ კომპანიებს ამჟამინდელი მთავრობის მოხელეების ან ყოფილი მთავრობის/მმართველი პარტიის მაღალჩინოსანი წევრების ნათესავები ან ახლო მეგობრები აკონტროლებენ, ბადებს როგორც ინტერესთა კონფლიქტთან, ისე კონკურენციასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ ეჭვებს, რაც პოტენციურად საქართველოში კრეატიული ინდუსტრიისა და მედია სექტორის განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორია“, – ნათქვამია ანგარიშში.„დავით კეზერაშვილი, რომელიც 2006–2008 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს აკონტროლებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
იმავე ინფორმაციით, ნაციონალური სატელევიზიო არხების სარეკლამო დროზე დე–ფაქტო მონოპოლიას სატელევიზიო რეკლამების გაყიდვების სახლი „ჯენერალ მედია“ ფლობს, თბილისის გარე რეკლამების სეგმენტში კი დომინანტური პოზიცია აუთდორ.ჯი–ს უკავია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქვეყნის სარეკლამო ბაზარზე მოქმედი „უამრავი ოფშორული ჰოლდინგური კომპანია“ აღმოაჩინა, რომლებიც, მფლობელების ვინაობისა და ფინანსური ნაკადების დასაფარად, პანამასა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით, 2010 წელს სარეკლამო ბაზრის წმინდა მოცულობა 43 და 46.5 მილიონ აშშ დოლარს შორის მერყეობდა – ეს შეიცავს ბაზრის ყველა სეგმენტს, მათ შორის ტელევიზიებს და რადიოსადგურებს, ბეჭდურ და ინტერნეტ მედიას, გარე რეკლამას. სარეკლამო ბაზრის წმინდა მოცულობის ზუსტი მაჩვენებლები ხელმისაწვდომი არ არის, რადგანაც მაშინ როდესაც უფრო ადვილია მთლიანი სარეკლამო დანახარჯების მონიტორინგი (რომელმაც 2009 წელს 192 მილიონი ლარი შეადგინა), რომელიც რეკლამის ოფიციალური ფასების მიხედვით გამოიანგარიშება, ფასდაკლებები და რეკლამის დამკვეთებისთვის შეთავაზებული სპეციალური პირობები მხოლოდ კონკრეტული მედია–საშუალებებისა და რეკლამის დამკვეთებისთვის არის ცნობილი.
კვლევის თანახმად, საქართველოში რეკლამიდან მიღებული შემოსავლები მცირეა და არ არის საკმარისი ყველა მედია–საშუალების ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად. „მხოლოდ ცოტა მათგანმა შეძლო ისეთი ბიზნეს მოდელის შემუშავება, რომელიც მათ შემოსავალს მოუტანდა“, – აცხადებს საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველო და ამ კუთხით ერთ–ერთ გამორჩეულ მაგალითად ჰოლდინგ „კვირის პალიტრას“ ასახელებს.
მაშინ როცა დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების უმეტესობა, რომლებიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით არიან დაკავებული, საერთაშორისო დონორების დახმარებაზეა დამოკიდებული, კვლევის მიხედვით, რეგიონული საინფორმაციო საშუალებებს და თბილისში ბაზირებულ წამყვან ტელეკომპანიებს, მათ შორის, „იმედსაც“, დავალიანებები გააჩნიათ.
თუმცა კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“ სარეკლამო შემოსავლების დიდ ნაწილს იღებს, რადგან „ნაციონალურ არხებზე რეკლამის დაბალი ღირებულების გამო, რეკლამის დამკვეთებს ნაკლები სტიმული აქვთ, რომ მათი სარეკლამო კამპანიის ნაწილი „რუსთავი 2“–დან და „იმედიდან“ უფრო მომცრო ტელე–არხებზე, ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემებზე ან რადიო სადგურებზე გადაიტანონ და სარეკლამო დანახარჯების დივერსიფიცირება მოახდინონ“.
ამას, კვლევის თანახმად, ის ფაქტორიც ემატება, რომ რეკლამის დამკვეთებს, „მათი ბიზნესისთვის ნეგატიური შედეგების დადგომის შიშით, არ სურთ ითანამშრომლონ ისეთ მედია–საშუალებებთან, რომლებიც კრიტიკული შეხედულებებით არიან ცნობილი“.