რელიგია
საპატრიარქოს განცხადება მესტიის მუზეუმის ექსპონანტებთან დაკავშირებით

sapatrთბილისი, 14 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქომ მესტიაში დაცულ საგანძურთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მესტიის მუზეუმის დანგრევის გამო აქ დაცული ექსპონატების შენახვასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა. აღვნიშნავთ, რომ საზოგადოების წარმომადგენლების, საპატრიარქოსა და ეროვნული მუზეუმის მიერ გაგზავნილი კომისიის ძალისხმევით კონტეინერებში ყოვლად მიუღებელ პირობებში მყოფი საგანძური გადატანილ იქნა ლანჩვალის უბანში მთავარ მაგისტრალთან მდებარე ორსართულიან სამუსიკო სკოლის შენობაში, რომელიც მიუხედავად გარემონტებისა, სპეციალისტების აზრით, მაინც პრობლემატურია, განსაკუთრებით სეისმომედეგობის და სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, უგულვებელყოფილ იქნა საპატრიარქოს წინადადება სიწმიდეების დროებით შესანახად საეპისკოპო რეზიდენციის შენობის ნაწილისა და წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის გამოყენების შესახებ.

როგორც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, 2012 წლის გაზაფხულზე სამუსიკო სკოლის შენობაში განთავსებული  წმიდა ხატები და სხვა ექსპონატები ბინას უკვე ახლად აშენებულ მესტიის მუზეუმში დაიდებენ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გაზაფხულზე სვანეთში სწრაფი ტემპით აგებულ შენობაში ასეთი სიძველეების შენახვა,  სპეციალისტების აზრით, კიდევ ახალ პრობლემებს შეუქმნის ამ განძს.

ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც იქნება მეცნიერების რჩევა გათვალისწინებული - სიწმინდეებს ნესტიან გარემოში გადატანის საფრთხე არ დაემუქრება და ახალი მუზეუმის მშენებლობის პროექტი, შეთანხმებული იქნება საქართველოს საპატრიარქოსთან“.