რელიგია
დღეს ანდრია პირველწოდებულისა და წმიდა ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა

andria-gorgasaliთბილისი, 13 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმიდა ქართველი მეფის, ვახტანგ გორგასლის, ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.

სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა სამების საპატრიარქო ტაძარში აღასრულა.

წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმიდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას უნდა ექადაგა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. იგი პირველად ქართლის ტერიტორიაზე დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს – 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.

რაც შეეხება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს, ის V-VI საუკუნეებში მეფობდა. მისი მეფობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.