თბილისი, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საქინფორმის ინფორმაციით, ბიზნესმენი და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ გამგეობის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის შექმნას, რომელსაც სათავეში მისი ვაჟი უტა ივანიშვილი ჩაუდგება, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს აპირებს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად საქინფორმი ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნონა ყანდიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ის კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ ივანიშვილის პრესსამდივნო მსგავს ინფორმაციებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
ამასთან, ივანიშვილის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე ბიზნესმენის პრესსამდივნოს განცხადებაც გავრცელდა, რომელსაც აქვე უცვლელად გთავზობთ:„ყველა მხარდამჭერის საყურადღებოდ!
ძვირფასო მეგობრებო, სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელებაში განსაკუთრებით აქტიურობს გვერდი „გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი“. ამ გვერდის ადმინისტრაცია ავრცელებს იმ ბინძურ პროპაგანდას, რომლითაც დაკავებულნი არიან ინტერნეტგამოცემები droni.ge, presa.ge, real.tv, itv.ge. აშკარაა, რომ ამგვარი კოორდინირებული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია იმართება ერთი ცენტრიდან.
ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ ხელისუფლება ყველა მეთოდს გამოიყენებდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამიტომ არ გვიკვირს, რომ ვითომდა უბრალო მოქალაქის მიერ შექმნილი ჯგუფი „გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი“ ფინანსდება, რის ნათელი მაგალითიცაა „Facebook“-ზე ამ გვერდის ფასიანი რეკლამა.
გვერდი „გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი“ მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზანმიმართულად ეწევა ბინძური ჭორების გავრცელებას, რის გამოც ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, პასუხი გავცეთ ამ კამპანიას.
მივმართავთ ყველა მხარდამჭერს – ნუ შეუწყობთ ხელს ამ გვერდს გაძლიერებაში, ნუ შეხვალთ დისკუსიებში გვერდის მმართველ პროვოკატორებთან და ნუ მისცემთ საშუალებას მათ, მოახდინონ თქვენით მანიპულირება.
თუ უკვე მოწონებული გყავთ ეს გვერდი, გთხოვთ დააჭირეთ „unlike“-ს (აღარ მომწონს).
ვისაც არ აქვს მოწონებული გვერდი „გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი“, შეგიძლიათ აცნობოთ „Facebook“-ს. თქვენი „Facebook“ გვერდის „ძიება“-ში აკრიფეთ: „გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი“,
გვერდის გახსნის შემდეგ მის მარცხენა მხარეს მოძებნეთ ბმული „გაასაჩივრეთ გვერდი“ (report page) და დააჭირეთ. გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც უნდა მონიშნოთ spam or scam და გააგზავნოთ.