თბილისი, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, ხვალიდან, 14 დეკემბრიდან, ქვეყნის ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი „8“ ეროვნული პრეფიქსი „0“-ით და საერთაშორისო პრეფიქსი „00“-ით იცვლება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეიცვლება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიების 8XX ფორმატის კოდები, ახალი 10XX ფორმატის კოდებით, მაგალითად: 8-07 შეიცვლება 10-07 -ით, 8-10 შეიცვლება 10-10-ით, 8-11 შეიცვლება 10-11-ით, 8-16 შეიცვლება 10-16-ით, 8-18 შეიცვლება 10-18-ით და ა.შ.ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ კავშირის დამყარების წესი უცვლელი რჩება მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფიქსირებული სატელეფონო ქსელების აბონენტების და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად პრეფიქსი „8“ ნაცვლად უნდა აიკრიფოს ეროვნული პრეფიქსი „0“ და შემდეგ გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი.
ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ საქალაქთაშორისო კავშირის განსახორციელებლად იკრიფება ეროვნული პრეფიქსი „0“, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის კოდი და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ტელეფონის ნომერი ან საოპერატორო კომპანიის არჩევის კოდი – 10XX, შემდეგ ეროვნული პრეფიქსი „0“ , შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქი კოდი და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ტელეფონის ნომერი; საერთაშორისო კავშირის განსახორციელებლად იკრიფება საერთაშორისო პრეფიქსი „00“ შემდეგ – გამოსაძახებელი ქვეყნის კოდი, შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი ან საოპერატორო კომპანიის არჩევის კოდი – 10XX, შემდეგ საერთაშორისო პრეფიქსი „00“, შემდეგ გამოსაძახებელი ქვეყნის კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი.
ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ნომრის აკრეფის და კავშირის დამყარების ყველა სხვა წესი უცვლელი რჩება. ძველი და ახალი პრეფიქსებისა და ოპერატორების კოდების თანამოქმედება უზრუნველყოფილი იქნება 2012 წლის 11 იანვრამდე.