სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე სკოლის დირექტორები დააკავეს

daakvesგორი, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტებზე სკოლის დირექტორები დააკავა.

დაკავებული არიან გორის რაიონის სოფლების – ფლავისმანის, ნიქოზის, გარეჯვარის საჯარო სკოლების დირექტორები:  გიორგი ქარელი, მარინე თარაშვილი, მიხეილ ბიბილაშვილი და გარეჯვარის სკოლის სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი სოფიო ჩალაური.

გენერალური ინსპექციის ინფორმაციით, დირექტორები საჯარო სკოლების გათბობისთვის შეშით მომარაგების საკითხზე დანაშაულებრივად გაურიგდნენ ერთ-ერთ ინდმეწარმეს. შეთანხმების  თანახმად,  ბრალდებულები მეწარმის საამქროდან   შეიძენდნენ  შეშას და მას სკოლის ანგარიშიდან პირად ანგარიშზე ჩაურიცხავდნენ  შეშის ღირებულებაზე მეტი ოდენობის თანხას, შემდეგ ზედმეტად დარიცხული თანხა ქრთამის სახით დაბრუნდებოდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ფაქტზე დააკავეს, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის  ოდენობას გამოძიება დაადგენს. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.