სამართალი
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ კანონსა და პრაქტიკაში ხარვეზების გამოსწორებას მოითხოვს

muxli-4242თბილისი, 13 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საქინფორმს აცნობებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საქართველოს პარლამენტს და სასამართლოებს სპეციალური განცხადებით მიმართავს და მოუწოდებს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოსწორებისკენ, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და გაუმართლებლად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

ადრე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით  განსაზღვრული იყო აღკვეთის ღონისძიების რამდენიმე ზომა: დაპატიმრება,  შინაპატიმრობა, პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა, გირაო, გაუსვლელობის ხელწერილი და პირადი თავდებობა.

აღკვეთის ღონისძიების სახით – დაპატიმრების შეფარდების დასასაბუთებლად კოდექსი ცნობდა პირის მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებას, მისი მიმალვის, გაქცევის ან გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა აღკვეთის ღონისძიების ფართო არჩევანს  სთავაზობდა მოსამართლეებს, უმეტესწილად, პრაქტიკაში დაპატიმრების შეფარდება გამოიყენებოდა. მოსამართლე მექანიკურად იღებდა შაბლონურ გადაწყვეტილებას, რასაც მხოლოდ ბრალდების არგუმენტაციის კოპირებით ამყარებდა, თითქოს არსებობდა პატიმრის მხრიდან მიმალვის, გაქცევის ან გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხე.

აღნიშნული პრაქტიკა ევროსასამართლომ დაგმო საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ  რამდენიმე გადაწყვეტილებაში („ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ“ და „ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“) და აღნიშნა, რომ  პატიმრობის ავტომატური შეფარდების პრაქტიკა მხოლოდ კანონით დადგენილი იმ პრეზუმფციით, რომელიც ემყარება ბრალდების სიმძიმეს, მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენის ჰიპოთეტურ საფრთხეს,  შეუსაბამოა კონვენციასთან.

სამწუხაროდ, ევროსასამართლოს ამ მიდგომის გათვალისწინება საქართველოში არ მომხდარა. უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით გააუქმა  შინაპატიმრობა და პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა. ამან მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომ დღესდღეობით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების შეფარდების პრაქტიკა ძალიან დაბალია და მათი გამოყენება ძალიან იშვიათად ხდება.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ მიაჩნია, რომ აუცილებელია, საქართველომ მოახდინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების დანერგვა ქვეყანაში. შესაბამისად, იგი ვალდებულია, ეროვნული  კანონმდებლობა და პრაქტიკა მოიყვანოს შესაბამისობაში ევროკონვენციასთან, რათა ადამიანის უფლებათა დაცვა  ქვეყანაში გაუმჯობესდეს.