საზოგადოება
გამოფენა-გაყიდვა მხატვრის სიცოცხლის შესანარჩუნებლად

mxatvariთბილისი, 13 დეკემბერი, საქინფორმი. 9 დეკემბერიდან დედოფლისწყაროს მხატვართა კავშირის დამფუძნებლის, ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის – ავთანდილ პოპიაშვილის, სიცოცხლის შესანარჩუნებლად „ფაინ არტ გალერეაში“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.

ავთანდილ პოპიაშვილი 60-იანელი ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი, დამსახურებული პედაგოგია.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობს 60-ზე მეტი მხატვარი, მათ შორის: ედმონდ კალანდაძე, ზურაბ ნიჟარაძე, რადიშ თორდია, გია ბუღაძე, შალვა მატუაშვილი, თემო მაჭავარიანი, კარლო კაჭარავა, გოგი ჩაგელიშვილი და სხვები. გამოფენაზე წარმოდგენილია 150-მდე ნამუშევარი, რომელთა შეძენაც მსურველებს გაცილებით ნაკლებ ფასად შეეძლებათ.

ცნობილმა მხატვარმა მძიმე დაზიანებები 5 სექტემბერს მომხდარი ავტოავარიისას მიიღო. მისი ვაჟი დავით პოპიაშვილი შემოქმედის ჯანმრთელობის მდგომარეობას ურთულესს უწოდებს. მისი თქმით, სიცოცხლის შესანარჩუნებლად დიდძალი თანხებია საჭირო.

ავთანდილ პოპიაშვილი 60-იანელ ქართველ მხატვართაგან ერთ-ერთი თვალსაჩინო ფერმწერი და გრაფიკოსია. მისი მოღვაწეობა უკავშირდება ნიკოლაძის სასწავლებელს, სამხატვრო აკადემიასა და სასულიერო სემინარიას. ავთო პოპიაშვილმა თანამედროვე ქართული მხატვრობა თვალსაჩინო ნაწარმოებებით გაამდიდრა და თავისი სახელი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დატოვა. დღეს ბატონი ავთოს ჯანმრთელობა უმძიმეს მდგომარეობაშია.

გაზეთ „შირაქის“ ცნობით, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.

წლების წინ გაზეთმა „შირაქმა“ ამ შემოქმედს რამდენიმე საგაზეთო მასალა მიუძღვნა. როგორც ის „შირაქთან“ ინტერვიუში აცხადებდა, ხატვა ჯერ კიდევ საბავშვო ასაკში დაუწყია. პოპიაშვილი ხატვის ნიჭის გენეტიკური კოდის არსებობას გამორიცხავდა, თუმცა იმასაც აღნიშნავდა, რომ მისი და ფიროსმანის დედები ერთი გვარის წარმომადგენლები – ტოკლიკიშვილები იყვნენ. „მისთვის ხელოვნებაში ორი უმნიშვნელოვანესი მომენტი არსებობს – პროფესიონალიზმი და დროის მაჯისცემის გრძნობა“, – წერდა „შირაქი“.

www.qiziki.blogspot.com