სამართალი
მოროშკინა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

lali-1თბილისი, 13 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა პოლიციამ დააკავა შაბათს, 2011 წლის 10 დეკემბერს, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ საახალწლო გადაცემის ჩაწერის შემდეგ გაზეთ „პრაიმ-თაიმის“ ხელმძღვანელ თამარ ფხაკაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით. სასამართლომ მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოროშკინა გადაიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში. საკანში მან შიმშილობა გამოაცხადა.

საქინფორმის კორესპონდენტი ლალი მოროშკინასთან პირად ტელეფონზე დაკავშირებას შეეცადა, თუმცა სატელეფონო ზარს მისმა ახლო მეგობარმა უპასუხა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ლალი მოროშკინა არავითარ შემთხვევაში შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

„ლალი გუშინ მისმა ადვოკატმა ინახულა, რომლის ინფორმაციით, მოროშკინას მაღალი ტემპერატურა აქვს, რაც, სავარაუდოდ, სტრესისგანაა გამოწვეული, და არა გაცივებით ან გრიპით. მიუხედავად ამისა, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს“, – განმარტავს მოროშკინას მეგობარი საქინფორმის კორესპონდენტთან საუბარში.